მთავრობის ადმინისტრაციაში შესაძლოა, გარკვეული საკადრო ცვლილებები განხორციელდეს, სავარაუდოდ ორშაბათს გაგიზიარებთ დეტალურ ინფორმაციას - პრემიერი

09 თებერვალი 2024, 00:00 553 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მთავრობის ადმინისტრაციაში შესაძლოა, გარკვეული საკადრო ცვლილებები განხორციელდეს, რომელთან დაკავშირებითაც ინფორმაციას საზოგადოებას ორშაბათს მიაწვდის.

კობახიძის თქმით, ეს ნორმალური მოვლენაა, როდესაც გარკვეული ფორმით იცვლება მთავრობის შემადგენლობა.

„გარკვეული ცვლილებები იქნება, თუმცა ამასთან დაკავშირებით მირჩევნია, რომ ორშაბათს გაგიზიაროთ მეტი ინფორმაცია. ეს ნაკლებად პოლიტიკური საკითხია, თუმცა, მესმის, რომ თქვენთვის საინტერესოა. სავარაუდოდ, ორშაბათს გაგიზიარებთ მეტ ინფორმაციას ამასთან დაკავშირებით.

 

ალბათ ორშაბათს ტრადიციულად გაიმართება პირველი მთავრობის სხდომა. რაც შეეხება რეზო ჯაველიძეს, რომელიც იკავებდა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობას, ის ძალიან ღირსეული ადამიანია, პროფესიონალი, თუმცა ვნახოთ, შესაძლოა, გარკვეული გადაწყვეტილებები იქნას მიღებული ამ მიმართულებით. ეს არ არის პერსონალური საკითხი, სხვა მიმართულებითაც მთავრობის ადმინისტრაციაში შესაძლოა, გარკვეული საკადრო ცვლილებები განხორციელდეს, მათ შორის მედიის ნაწილში. ორშაბათს გაგიზიარებთ დეტალურ ინფორმაციას ამასთან დაკავშირებით. ეს არ არის პერსონალური თემა, ნორმალური მოვლენაა, როდესაც ასეთი ტიპის საკადრო გადაადგილებები ხდება, იცვლება მთავრობის შემადგენლობა გარკვეული ფორმით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებთან აღნიშნა, რომ დღეს მთავრობა შედგება კომპეტენტური, ღირსეული, პატრიოტი ადამიანებისგან. ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ არავითარი წინაპირობა არ არსებობს იმის, რომ მინისტრთა კაბინეთში ძირეული ცვლილებები მოხდეს.

„მე, თავიდან ბოლომდე მომართული ვარ, რომ ვიმუშაო იმ გუნდთან ერთად, რომელიც დღეს საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა. თითოეული წვერი, რომელიც იყო წარმოდგენილი სამთავრობო გუნდში, არის პროფესიონალი, ღირსეული ადამიანი და რაც მთავარია აქვთ გამოცდილება. გასული სამი წელი იყო ძალიან რთული და ამ სირთულის მიუხედავად ამ გუნდმა შეძლო პრობლემების წარმატებით გადაჭრა. მე მაქსიმალურად მომართული ვარ ამ გუნდთან ერთად მუშაობისთვის“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტმა ირაკლი კობახიძის მთავრობას ნდობა გამოუცხადა.  მინისტრთა კაბინეტის განახლებულ შემადგენლობას 84 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 10 წინააღმდეგ წავიდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი