ჩვენმა ხელისუფლებამ შეძლო წარმატებით დაეცვა ქვეყნის ინტერესები, აეცილებინა საფრთხეები და ხელშესახები წარმატება მოეპოვებინა საგარეო ფრონტზე - ილია დარჩიაშვილი

07 თებერვალი 2024, 10:49 482 ნახვა

ჩვენმა ხელისუფლებამ შეძლო წარმატებით დაეცვა ჩვენი ქვეყნის ინტერესები, აეცილებინა საფრთხეები და მეტიც, ხელშესახები წარმატება მოეპოვებინა საგარეო ფრონტზე მრავალი მიმართულებით - ხელისუფლება მზად არის და მობილიზებულია მეტი გააკეთოს, რათა ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე მეტ პროგრესს მიაღწიოს, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა, ილია დარჩიაშვილმა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლების მიზანი ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებაა.

"ხელისუფლების თანმიმდევრული პოლიტიკის გატარებული რეფორმების შედეგად, 2023 წელს, ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციაში უპრეცედენტო შედეგს მივაღწიეთ - დღეს საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა. ამრიგად, ჩვენ გადავედით ევროკავშირთან ურთიერთობის თვისებრივად უფრო მაღალ საფეხურზე, რაც ჩვენი ქვეყნის დიდ და დამსახურებულ გამარჯვებას წარმოადგეს. ხელისუფლება მზად არის და მობილიზებულია მეტი გააკეთოს, რათა ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე მეტ პროგრესს მიაღწიოს. ჩვენი შემდეგი მიზანი, რა თქმა უნდა, გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყებაა. სწორედ ამ უმნიშვნელოვანესი მიზნის შესასრულებლად საგარეო საქმეთა სამინისტროს ძალისხმევა მიმართული იქნება ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე შემდგომი პროგრესის მიღწევისა და კანდიდატის სტატუსით მიღებული შესაძლებლობების გამოსაყენებლად,“ - განაცხადა მინისტრმა.

მისივე შეფასებით, რეგიონში არსებული რთული ვითარების მიუხედავად, საქართველო ემხრობა და ახორციელებდა დაბალანსებულ პოლიტიკას, რომელიც მიმართული იყო რეგიონში სტაბილურობის აღდგენის და გრძელვადიანი მშვიდობის მიღწევისკენ.

„მზად ვართ, გავაგრძელოთ ჩართულობა ამ მიმართულებით ჩვენი მეზობელი ქვეყნების საჭიროების შესაბამისად. ჩვენ გვინდა, რომ თბილისი მომავალშიც იყოს ადგილი ჩვენი მეზობლებისთვის, სადაც მათ შეეძლებათ, განიხილონ ნებისმიერი აქტუალური თემატიკა, რომელიც ხელს შეუწყობს მხარეებს შორის ნდობის აღდგენას“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

როგორც დარჩიაშვილმა განაცხადა, საქართველოს აგრძელებს აშშ-სთან სტრატეგიული ურთიერთობების გაღრმავებას, ისევე როგორც ევროპის ქვეყნებთან.

„გავაგრძელებთ აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებას სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიით გათვალისწინებული ყველა პრიორიტეტული მიმართულებით. ამის პარალელურად, კვლავ პრიორიტეტულია სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების განვითარება. აშშ-ის მხრიდან ქვეყნის პოლიტიკური მხარდაჭერის დასტურია, როგორც აღმასრულებელი, ისე საკანონმდებლო ხელისუფლების მიერ გაკეთებული არაერთი განცხადება, ინიცირებული რეზოლუცია თუ საკანონმდებლო აქტი.

 

ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის გათვალისწინებით, ბუნებრივია, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ევროპის ქვეყნებთან ურთიერთობების განვითარებას და მის სტრატეგიულ დონეზე აყვანას, რა მიმართულებითაც უწყება აგრძელებს აქტიურ მუშაობას. ამ კუთხით აღსანიშნავია უკვე მიღწეული შედეგები, კერძოდ მაღალი დონის დიალოგის დაფუძნება იტალიასთან, სტრატეგიული პარტნიორობის ჩამოყალიბება რუმინეთთან, 2002 წელს საქართველოსა და უნგრეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ერთობლივი დეკლარაციის გაფორმება“, – განაცხადა დარჩიაშვილმა.

ილია დარჩიაშვილმა ასევე ისაუბრა დიასპორის მიმართულებით დასახული პრიორიტეტების, მიზნებისა და ამოცანების განსახორციელებლად საჭირო მექანიზმებზე.

მისივე განმარტებით, ქართული დიასპორა ჩვენი ქვეყნის წარმატების მამოძრავებელი ძალაა და ქვეყნის განვითარების პროცესში მისი ჩართვის უზრუნველყოფა ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი