2023 წელს საქართველოსთვის უმსხვილესი საექსპორტო ქვეყანა აზერბაიჯანი იყო, ყველაზე დიდი იმპორტიორები კი თურქეთი და აშშ - საქსტატი

22 იანვარი 2024, 11:59 568 ნახვა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2023 წელს ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 80.3 პროცენტი შეადგინა. უმსხვილეს საექსპორტო სამეულში პირველ ადგილს აზერბაიჯანი იკავებს 862.1 მლნ აშშ დოლარით. მეორე ადგილზეა სომხეთი – 787.1 მლნ აშშ დოლარით, ხოლო მესამეზე ყაზახეთი – 703.0 მლნ აშშ დოლარით.

რაც შეეხება იმპორტს, უწყების მონაცემებით, 2023 წელს ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 70.5 პროცენტი შეადგინა. პირველ სამეულში შედიან თურქეთი – 2 570.1 მლნ. აშშ დოლარით, აშშ – 1 949.3 მლნ აშშ დოლარითა და რუსეთი – 1 744.5 მლნ აშშ დოლარით.

ამასთან, უწყების ანგარიშის მიხედვით, გასულ წელს სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა 2 126.6 მლნ აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 34.9 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს სპილენძის მადნები და კონცენტრატები 479.3 მლნ აშშ დოლარით, ხოლო მესამე ადგილზეა ყურძნის ნატურალური ღვინოები 259.0 მლნ აშშ დოლარით.

მათივე ცნობით, 2023 წელს საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 6 090.6 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 9.1 პროცენტით მეტია გასული წლის მაჩვენებელზე.

უწყების ინფორმაციით, 2023 წელს ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე სპილენძის მადნები და კონცენტრატები არის წარმოდგენილი 474.2 მლნ. აშშ დოლარით. აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 17.0 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილზეა ყურძნის ნატურალური ღვინოები 257.7 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამე ადგილს იკავებს ფეროშენადნობები 180.7 მლნ. აშშ დოლარით.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 21 529.0 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც, წინა წელთან შედარებით, 12.5 პროცენტით მეტია.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში