დავით გარეჯის საქმე

21 ნოემბერი 2023, 14:11 500 ნახვა

ყოფილი პრემიერ-მინისტრი თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოიკითხა. საუბარია   დავით გარეჯის რეზონანსულ   საქმეზე.  ორი საათის განმავლობაში პასუხობდა ზურაბ ნოღაიდელი  შეკითხვებს, მათ შორის იყო  სწორედ სასაზღვრო ზოლთან დაკავშირებული საკითხები, რადგან  იმ დროს ნოღაიდელი უშიშროების საბჭოს წევრიც იყო.  

ჩვენების მიცემისას ნოღაიდელმა განაცხადა, რომ  ეს საკითხი  ექს პრეზიდენტ   მიხეილ სააკაშვილის კომპეტენციაში შედიოდა, საბჭოს სხდომებსაც ის იწვევდა და  გადაწყვეტილებას უშუალოდ პრეზიდენტი იღებდა.

ნოღაიდელმა  პროცესზე საბჭოს კონკრეტული სხდომაც გაიხსენა და თქვა, რომ მაშინდელი  უშიშროების საბჭოს სხდომაზე განხილვისას  დაისვა საკითხი, თუ იყო შანსი, დავით გარეჯის ის ნაწილი, რომელზეც იყო მუდმივად საუბარი საქართველოს შემადგენლობაში დარჩენილიყო, მაშინ კომისიის თავმჯდომარემ  თქვა, რომ ნაწილი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე რჩებოდა.  

ნოღაიდელის განცხადებით,   სხდომაზე საგარეო საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი მალხაზ მიქელაძე, რომელიც  სადემარკაციო კომისიის თავმჯდომარე იყო, ამტკიცებდა, რომ გარეჯის ის მონაკვეთი, რომელზეც დავა მიმდინარეობს, არის აზერბაიჯანის მხარეს  და, რომ  იყო კატეგორიული მტკიცება, ტერიტორიები, მათ შორის ქართული მონასტრები, მათ შორის ჩიჩხიტურის მონასტერი, აზერბაიჯანის იურისდიქციას განეკუთვნებოდა. 

გაგახსენებთ,  დავით გარეჯის საქმეზე პროკურატურამ საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ივერი მელაშვილი და შს სამინისტროს თანამშრომელი ნატალია ილიჩოვა 3 წლის წინ დააკავა. ბრალად ედებათ საქართველოს ტერიტორიების წინააღმდეგ მიმართული ქმედება. ორივე ამჟამად  გირაოს სანაცვლოდ  არიან  გათავისუფლებულები.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი