ბათუმის საქალაქო სასამართლომ, ბათუმის ბულვარში, ატრაქციონზე სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევის ფაქტზე, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ბრალდებული დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
მათივე ცნობით, ბათუმის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ბათუმის ბულვარში, ატრაქციონზე სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევის ფაქტზე, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ბრალდებული პირი დამნაშავედ ცნო.
"სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებულმა, რომელიც პასუხისმგებელი იყო ე.წ. გასაბერი ბატუტის კონსტრუქციის მოწყობის, ექსპლუატაციის და უსაფრთხოების წესების დაცვაზე, არაჯეროვნად შეასრულა მასზე დაკისრებული მოვალეობები, კერძოდ ბატუტის მყარ ზედაპირზე არსებულ სამაგრებზე მიბმა, ექსპლუატაციის და უსაფრთხოების წესების დარღვევით განახორციელა.
ბრალდებულის მხრიდან ექსპლუატაციის და უსაფრთხოების წესების დარღვევის შედეგად, ბატუტი, რომელზეც ორი მცირეწლოვანი ერთობოდა, ქარმა რამდენიმე ათეული მეტრის მოშორებით გადაისროლა, რა დროსაც ბავშვებმა სხვადასხვა სახის მძიმე დაზიანებები მიიღეს. მიღებული დაზიანებების შედეგად ერთ-ერთი მცირეწლოვანი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული მიმდინარე წლის 13 მარტს დააკავეს, მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240 -ე მუხლის მეორე ნაწილით (სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბათუმის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 3 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, საიდანაც 1 წელი და 6 თვე განესაზღვრა სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 1 წელი და 6 თვე ჩაეთვალა პირობით"- განმარტავენ პროკურატურაში.
შეგახსენებთ, რომ ბათუმის ბულვარში ქარმა ბატუტი გაიტაცა, ერთი მოზარდი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა.