პროკურატურამ „ლილო მოლის“ ტერიტორიაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე, ორ პირს ბრალდება წარუდგინა

09 ნოემბერი 2023, 14:32 386 ნახვა

საქართველოს პროკურატურამ „ლილო მოლის“ ტერიტორიაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე, ორ პირს ბრალდება წაუყენა, მათ შორის ერთ პირს შეკვეთილი მკვლელობისთვის და მეორეს მკვლელობაში დახმარებისთვის. რაც შეეხება მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს, ბრალი შეკვეთით განზრახ მკვლელობისთვის დაუმძიმდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ საზღვარგარეთ მყოფმა ბრალდებულმა, რომელიც ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტების სახელით „ლილო მოლის“ ბაზრობაზე მოვაჭრეებს თანხას სძალავდა, ერთ-ერთი მოვაჭრის მხრიდან უარის მიღების გამო, მისი მკვლელობა შეუკვეთა. ბრალდებულმა საქართველოში მყოფი მეგობრის დახმარებით, მკვლელობის ჩადენისთვის წინასწარ შერჩეულ პირს ცეცხლსასროლი იარაღი და თანხა გადასცა.

„2023 წლის 3 აგვისტოს თბილისში, შპს ,,ლილო მოლის“ ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე მკვლელმა დაზარალებულს თავის არეში ორი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული 17 აგვისტოს გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა მკვლელობის ჩამდენი პირი იმავე დღეს დააკავეს. თავდაპირველად მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით (განზრახ მკვლელობის მცდელობა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა, შენახვა, ტარება) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. მოგვიანებით მას ბრალდება დაუზუსტდა და ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ნ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა შეკვეთით) და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარება) წარედგინა.

მკვლელობის შემკვეთი პირის მეგობარი, რომელმაც მკვლელს ცეცხლსასროლი იარაღი მიუტანა, სამართალდამცველებმა 7 ნოემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25-109-ე მუხლის „ნ“ ქვეპუნქტით (შეკვეთით განზრახ მკვლელობაში დახმარება) წარედგინა.

რაც შეეხება მკვლელობის შემკვეთს, ვინაიდან იგი თავს არიდებს საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებას და იმყოფება მიმალვაში, მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ნ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა შეკვეთით და ანგარებით) დაუსწრებლად წარედგინა.

ბრალდებულებისთვის წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად თექვსმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება დანაშაულის ჩამდენი სხვა პირების მხილების მიზნით“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში