საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 8 საკითხი განიხილეს. ინფორმაციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს.
განსახილველ საკითხებს შორის იყო საქართველოს კანონის პროექტი „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე.
ცვლილებათა თანახმად, 2024-2025 სასწავლო წელს პირველ კლასში დარეგისტრირებას შეძლებენ ბავშვები, რომლებსაც 6 წელი 1 დეკემბრამდე შეუსრულდებათ.
ამასთან, 2025-2026 სასწავლო წლიდან, დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების შესაძლებლობა, მშობლის სურვილის შემთხვევაში, დამატებით მიეცემათ ბავშვებს, რომელთაც 6 წელი შეუსრულდებათ სასწავლო წლის დაწყების თარიღის მომდევნო დღიდან 31 დეკემბრის ჩათვლით.
გადაწყვეტილების მიხედვით, ბავშვის მზაობისა და მისი საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, 2024-2025 სასწავლო წლის დაწყების მომდევნო დღიდან 1 დეკემბრამდე დაბადებულ პირებს უფლება ექნებათ, გააკეთონ არჩევანი − გააგრძელონ სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიღება სასკოლო მზაობის პროგრამაში ჩართვით ან დარეგისტრირდნენ პირველ კლასელებად. აღნიშნული მსგავსად გავრცელდება 2025-2026 სასწავლო წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებზე.
როგორც მთავრობის სხდომაზე აღინიშნა, გადაწყვეტილების საფუძველი გახდა მოქალაქეთა არაერთი განცხადება, რომლებიც ითხოვენ საქართველოში დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების ასაკის მარეგულირებელი ნორმის გადახედვას.
"ჯერ კიდევ პარლამენტში ვიყავი ორი წლის წინ, როცა როგორც მშობლების, ასევე დარგის სპეციალისტების მხრიდან უამრავი მომართვიანობა იყო ამ საკითხთან დაკავშირებით. ძალიან ბევრი გვაქვს ამაზე ნამუშევარი. ამიტომ, ვფიქრობ, ძალიან სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ წინა წლებშიც, როდესაც პირველი ცვლილება იყო. შესაბამისად, მიმაჩნია, რომ ეს არის ყველაზე სამართლიანი, ლოგიკური და მეთოდისტებთან კონსტულტაციის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება, თუმცა არის რიგი განსხვავებული მოსაზრებებიც, ამიტომ ჩვენ ეს გავხადეთ ნებაყოფლობითი.
თუ მშობელი მიიჩნევს, რომ ბავშვი მზად არის, შეუძლია, მიიყვანოს სკოლაში, თუ არ მიიჩნევს, თავისუფლად შეუძლია, დატოვოს ბაღში. ბაღებში რჩება ვალდებულება, რომ დაიტოვონ ბავშვები კიდევ ერთი წლით. ამიტომ, არჩევანის თვალსაზრისით, სრული თავისუფლებაა. ვფიქრობ, ვაკმაყოფილებთ საზოგადოებრივ ინტერესს, რომელიც ამ საკითხის ირგვლივ არის“, - განაცხადა გიორგი ამილახვარმა.
მისივე განცხადებით, 2024-2025 სასწავლო წელს პირველკლასელი დამატებით, დაახლოებით 5 ათასი ბავშვი გახდება.