პარლამენტში შინაგან საქმეთა მინისტრის მოსმენა დაიწყო

22 სექტემბერი 2023, 16:29 580 ნახვა

პარლამენტში შოვის ტრაგედიის საკითხზე ვახტანგ გომელაურს უსმენენ.

შოვის სტიქიის ტრაგედიასთან დაკავშირებულ კითხვებზე პასუხების გასაცემად პარლამენტის პლენარულ სხდომაზე შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური ​ინტერპელაციის წესით, ფრაქცია “ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაიბარა.

სიტყვით გამოსვლისას, ვახტანგ გომელაურმა შოვში ტრაგედიის დროს დაღუპულთა ოჯახის წევრებს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა

„პირველ რიგში, მინდა კიდევ ერთხელ გამოვხატო ჩემი გულწრფელი მწუხარება მომხდარი ტრაგედიის გამო და მივუსამძიმრო გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს და ახლობლებს. სტიქიასთან ბრძოლის დროს, ჩვენ დავკარგეთ ძალოვანი უწყებების, შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები - პოლიციის მაიორი, - მირიან ჭელიძე და თავდაცვის სამინისტროს ეროვნული გვარდიის თანამშრომელი - თემურ ხარჩილავა. კიდევ ერთხელ, ვუსამძიმრებ მათ ოჯახებს, ახლობლებს და კოლეგებს. მადლობა მათ ქვეყნის სამსახურში ყოფნისთვის, მათი დაკარგვა დიდი ტკივილია ჩვენი დიდი ოჯახისთვის. სამწუხაროდ, სტიქიური უბედურებები თავს დაატყდა საქართველოს სხვა რეგიონებსაც და გურიაში კიდევ 3 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. მინდა, მივუსამძიმრო მათ ოჯახებსაც“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

მინისტრის შეფასებით,  სამაშველო ოპერაციის დროს ნაპოვნი ცხედრები იმდენად იყო დაზიანებული, რომ გამორიცხულია გარდაცვალება მომენტალურად არ დამდგარიყო.

„მიუხედავად იმისა, რომ რაჭაში სტიქიის დაწყების პირველივე წუთებიდან საზოგადოებას მაქსიმალურად მოკლე დროში ვაწვდიდით გადამოწმებულ ინფორმაციას, საკანონმდებლო ორგანოს წინაშე ანგარიშვალდებულების გათვალისწინებით, შევეცდები კიდევ ერთხელ, ამომწურავად გავცე პასუხი იმ კითხვებს, რომლებიც დეპუტატებისგან მივიღე. სამწუხაროა, რომ ტრაგედიის ფონზე მოვისმინეთ არაერთი პოლიტიკური სპეკულაცია, სიცრუე და ცილისწამება. საზოგადოებამ უნდა იცოდეს ობიექტური რეალობა, ამიტომ ყოველთვის მზად ვართ, ფაქტებზე დაყრდნობით, სიღრმისეულად მივუდგეთ ყველა იმ საკითხს, რომელიც ჩვენს მოქალაქეებს აღელვებთ. მოგეხსენებათ, რომ 3 აგვისტოს, შოვში სტიქია ძალიან სწრაფად განვითარდა, ღვარცოფის უზარმაზარი მასა, რომელიც გარემოს დაცვის ექსპერტების პირველადი შეფასებით შეადგენდა დაახლოებით 5 მილიონ კუბურ მეტრს, დაიძრა სტიქიის ეპიცენტრის მიმართულებით და დაფარა კურორტ შოვის მიმდებარე ტეროტორია. აღნიშნულ მასაში, რამდენიმე მეტრი მიწის ქვეშ, მოყვნენ ადგილზე მყოფი ადამიანები. ამგვარი სიღრმის ქვეშ, მათი სიცოცხლის გადარჩენა ფაქტობრივად შეუძლებელი იყო.

 

ძებნა-შველის ოპერაციას და ამ ოდენობით მიწის მასის დამუშავებას თავისთავად დრო სჭირდებოდა. 100-მდე (86 ერთეული) მძიმე ტექნიკის მეშვეობით, მოხერხდა ღვარცოფული მასის სრულად გადამუშავება, რათა გარდაცვლილების პოვნა შეგვძლებოდა. დღეის მონაცემებით, მაშველების მიერ ძებნა-შველის ღონისძიების შედეგად, აღმოჩენილია 32 ცხედარი და საძიებო სამუშაოები მიმდინარეობს 1 პირთან დაკავშირებით, რომელიც გაგრძელდება მანამ, სანამ იარსებებს მისი პოვნის თეორიული შანსი. სამაშველო ოპერაციის დროს ნაპოვნი ცხედრები იმდენად იყო დაზიანებული, რომ გამორიცხულია გარდაცვალება მომენტალურად არ დამდგარიყო. ცხედრების უმეტესობა არის დანაწევრებული და ფაქტობრივად მაშველების მიერ ნაპოვნია სხეულის ფრაგმენტები“, - აღნიშნა ვახტანგ გომელაურმა.

მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ რადიკალური ოპოზიციის მხრიდან მინისტრის ინტერპელაციის მოწვევის რეალური მიზეზი არა კითხვებზე პასუხების მიღება, არამედ მორიგი პოლიტიკური პერფორმანსის შესრულებაა.

მინისტრის მოსმენის პარალელურად საკანონმდებლო ორგანოსთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი