საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოს პრემიერ-მინისტრს, ქსავიე ბეტელს შეხვდა.
პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრის ნიუ იორკში ვიზიტის ფარგლებში გაიმართა, ყურადღება დაეთმო ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის პროცესს და ამ მიმართულებით საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს.
ირაკლი ღარიბაშვილმა ლუქსემბურგის, როგორც ევროკავშირის ერთ-ერთი დამფუძნებელი წევრის, მხარდაჭერის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და იმედი გამოთქვა, რომ ის შეინარჩუნებს პოლიტიკურ მხარდაჭერას ჩვენი ქვეყნის ევროპულ ოჯახში გაწევრიანების ყველა ეტაპზე. განიხილეს საქართველოს მიერ ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულების დინამიკა. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, საქართველო რეკომენდაციების შესრულების პროცესში მჭიდროდ თანამშრომლობდა ევროკავშირთან და ვენეციის კომისიასთან. მისი თქმით, დარჩენილია რამდენიმე საკითხი, რომლებიც ასევე ევროკავშირის რეკომენდაციების შესაბამისად დარეგულირდება. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს და წლის ბოლოს ევროკავშირისგან ჩვენი ქვეყანა დამსახურებაზე დაფუძნებული, სამართლიანი გადაწყვეტილების მოლოდინშია.
ვიზიტის ფარგლებში ირაკლი ღარიბაშვილი მალტის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს, რობერტ აბელასაც შეხვდა.
პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, მხარეებმა განიხილეს როგორც ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის საკითხები, ასევე ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი.
საქართველოს ევროინტეგრაციაზე საუბრისას, პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა მალტის რესპუბლიკის პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერის მნიშვნელობას. მან აღნიშნა, რომ ევროკავშირის 12 რეკომენდაციის დიდი ნაწილი შესრულებულია, პროცესი გრძელდება, დარჩენილია რამდენიმე საკითხი, რომლებიც ევროკავშირის რეკომენდაციების შესაბამისად დარეგულირდება. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო კანდიდატის სტატუსს იმსახურებს.