ბაქო სტეპანაკერტისგან უპირობო კაპიტულაციას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში გაცილებით ფართომასშტაბიან სპეც-ოპერაციას ჩაატარებს. მთიან ყარაბაღში კონფლიქტი უკიდურესად დაძაბულია.
აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, ბაქომ სომხეთისთვის საჰაერო სივრცე დაკეტა. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სომხეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, აღდამის რეგიონთან, სადაც რუსული სამშვიდობო კონტინგენტია დროებით განლაგებული, აზერბაიჯანის არმიის პოზიციებზე ახორციელებენ ინტენსიურ იერიშს სხვადასხვა ტიპის იარაღიდან.
სომხეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით კი, მთიან ყარაბაღში სომხეთის შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობა და აღჭურვილობა განლაგებული არ არის.
დაპირისპირებული მხარეები მსხვერპლის შესახებ ავრცელებენ ინფორმაციას, აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, სომხეთის ძალების მიერ ქალაქ შუშის დაბომბვის შედეგად დაღუპულია ერთი ადამიანი.
სომხური მედიის ცნობით კი, აზერბაიჯანის მიერ დაწყებული ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაციის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და 80 დაშავდა.