საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში ვიზიტის დროს ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ხაზი გაუსვა კონფლიქტების მშვიდობიანი გადაწყვეტის მიმართ ერთგულებას, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ პრესრელიზშია ნათქვამი.
„ვიზიტის დროს ბორელმა ხაზი გაუსვა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ადგილზე მუდმივად ყოფნის 15-წლიან ეტაპს და მის გადამწყვეტ როლს სტაბილურობის უზრუნველყოფასა და დაძაბულობის შემცირებაში. გარდა ამისა, კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროკავშირის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
როგორც პრესრელიზშია აღნიშნული, ბორელი შეუერთდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის პატრულირებას სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზზე, ხურვალეთის სიახლოვეს. ადგილზე მსგავსმა ჩართულობამ ხაზი გაუსვა ევროკავშირის აქტიურ პოზიციას მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობაში, კიდევ ერთხელ დაადასტურა მისი ერთგულება საქართველოსა და უფრო ფართო რეგიონის მოსახლეობის დაცულობის, უსაფრთხოების მიმართ.
„პატრულირების დროს, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებლებმა დელეგაციას მიაწოდეს უახლესი ინფორმაცია უსაფრთხოების ვითარების შესახებ ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ. ხურვალეთში ბორელი პირადად გაეცნო ადგილობრივი მოსახლეობის გადაადგილების თავისუფლებაზე „ბორდერიზაციის“ მახასიათებლების – მათ შორის ღობეების, მავთულხლართების და სათვალთვალო კოშკების უარყოფით გავლენას. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებლებმა განმარტეს რთული გამოწვევები, რომლებიც წარმოიქმნება სამხრეთ ოსეთთან ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ გადაკვეთის პუნქტების დახურვით ყოველი თვის პირველი ოცი დღის განმავლობაში.
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია მუდმივად მოუწოდებს გადაკვეთის ამ პუნქტების სრულად ფუნქციონირების განახლებისკენ. ასეთი ნაბიჯი მნიშვნელოვნად გაზრდის ადგილობრივი მოსახელობის უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის დონეს.
„ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ადგილზე ყოფნა ბოლო 15 წლის განმავლობაში ადასტურებს ევროკავშირის გრძელვადიან მხარდაჭერას საქართველოსა და უფრო ფართო რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების ხელშეწყობის მიმართ. 15 წლის განმავლობაში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია გადამწყვეტ როლს თამაშობს რეგიონში სტაბილურობის უზრუნველყოფაში და დაძაბულობის შემცირებაში. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიღწევების აღნიშვნასთან ერთად, მე ასევე ვიყურები მომავლისკენ. ევროკავშირის ერთგულება რეგიონული მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობის მიმართ სამხრეთ კავკასიის რეგიონში რჩება ურყევი“, – განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.
ბორელის ამ განცხადებას გამოეხმაურა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი, დიმიტრიოს კარაბალისი, რომელმაც არნიშნა:
„ადგილზე ჩვენი მუდმივი ყოფნა ასახავს ევროკავშირის აქტიურ მიდგომას ხანგრძლივი სტაბილურობის ხელშეწყობის მიზნით. როგორც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, ჩვენ ვრჩებით ჩვენი მისიის ერთგულები, რომელიც მდგომარეობს ადგილობრივი მოსახლეობის სიცოცხლისა და უსაფრთხოების გაუმჯობესებაში“, – განაცხადა დიმიტრიოს კარაბალისმა.