სამუშაოები რიკოთზე - განცხადებები

11 აგვისტო 2023, 14:55 967 ნახვა

ოპოზიციონერმა დეპუტატებმა, ხატია დეკანოიძემ და რომან გოცირიძემ რიკოთზე მიმდინარე სამუშაოებთან დაკავშირებით სადეპუტატო კითხვაზე ინფრასტრუქტურის მინისტრისგან  პასუხი მიიღეს. მინისტრი წერილში აღნიშნავს, რომ თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 149-ე კმ-თან მონიტორინგის შედეგად მეწყრული კერები დაფიქსირდა და ეს უბანი მდებარეობს არა მშენებარე გზასთან, არამედ არსებულ გზასთან 200 მეტრში. მინისტრის ცნობით, გამოიკვეთა მეწყრული პროცესის გააქტიურების რისკები, რის გამოც დაიგეგმა კვლევები და შემუშავდა გზაზე გადაადგილების ისეთი რეჟიმი, რომელიც მეწყრული პროცესების გააქტიურების პირობებში, დაუყოვნებლივ რეაგირებას და შესაძლო საფრთხის შემცირებას უზრუნველყოფდა. მინისტრი ასევე აღნიშნავს, რომ რიკოთის ყველა მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის პროცედურები საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების შესყიდვების სახელმძღვანელოსა და რეგულაციების შესაბამისად წარიმართა. ხატია დეკანოიძემ და რომან გოცირიძემ გუშინ პარლამენტის დარგობრივი კომიტეტის თავმჯდომარეს მიმართეს, რიკოთზე მიმდინარე სამუშაოებთან დაკავშირებით კომიტეტის სხდომაზე ინფრასტრუქტურის მინისტრი მიიწვიოს. მანამდე, ოპოზიციონერმა დეპუტატებმა მინისტრს სადეპუტატო კითხვით მიმართეს. რიკოთის სარეაბილიტაციო პროექტის საერთაშორისო აუდიტს ითხოვს „ლელო". პარტიაში ამბობენ, რომ სამუშაოები დარღვევებით მიმდინარეობს რამდენიმე მიმართულებით, მათ შორისაა უსაფრთხოების საკითხები, ეკოლოგია და ფინანსები, რაც საფრთხეს უქმნის მოქალაქეებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი