აჭარის მაუწყებლის ყოფილი მრჩეველთა საბჭოს ორი წევრის საკონსტიტუციო სარჩელი

03 აგვისტო 2023, 15:08 567 ნახვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ახლად გაუქმებული მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარემ და ერთ-ერთმა  წევრმა საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანეს. გია ქარცივაძე და გიგო ჩხარტიშვილი „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში“ შეტანილ იმ ცვლილებებს ასაჩივრებენ, რომლის მიხედვითაც მიმდინარე წლის 21 ივლისს მათ უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყდათ. ამის მიზეზი მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს გაუქმება იყო.

მოსარჩელის ინტერესებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავს. მოსარჩელეები „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში“ შეტანილ ცვლილებებს უკანონოდ მიიჩნევენ და განმარტავენ, რომ გიგა ჩხარტიშვილს, რომელიც მრჩევლის თანამდებობაზე 2018 წელს „ქართული ოცნების“ კვოტით დაინიშნა, უფლებამოსილება ეწურებოდა 2024 წელს, ხოლო გია ქარცივაძეს, რომელიც მრჩეველთა საბჭოში „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ წარადგინა, ამ პოზიციაზე მუშაობის კიდევ სამწლიანი ვადა ჰქონდა დარჩენილი.

საიას განმარტებით, საკანონდებლო ცვლილებით საფრთხე შეექმნა „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დამოუკიდებლობას, ასევე მრჩეველთა საბჭოს გაუქმებით, სამაუწყებლო პრიორიტეტების განსაზღვრა, აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის დანიშვნა, გადაეცა საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს, რითაც აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში მაცხოვრებლებმა დაკარგეს იმ ტელევიზიის მაუწყებლობის პრიორიტეტებზე გავლენის მოხდენის შესაძლებლობა, რომელიც მათი ინტერესების დასაცავად არის შექმნილი.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში