უკრაინაში საომარი მოქმედებები გრძელდება. ქვეყნის დამცველებმა რუსი ოკუპანტებისგან დონეცკის ოლქის სოფელი სტარომაიორსკე გაათავისუფლეს. პარალელურად კი მტერი აგრძელებს უკრაინის ქალაქებზე იერიშს. დაიბომბა სუმის ოლქის 9 სასაზღვრო დასახლება. 5 მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა კუპიანსკზე მიტანილი იერიშის შედეგად. მტერმა სარაკეტო იერიში მიიტანა ხერსონის ოლქზეც, სადაც 1 მშვიდობიანი მოქალაქე დაიჭრა.
გარდა ამისა, რუსულ სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ უკრაინულმა კონტრშეტევამ სამხრეთით რუსეთის მნიშვნელოვან თავდაცვის ხაზთან წარმატებას მიაღწია. “
CNN”-ის ცნობით, ვიდეო რუსეთის სამხედრო პოზიციიდანაა გადაღებული და უკრაინული სამხედრო მანქანა ჩანს, რომელიც ე.წ დრაკონის კბილების თხრილისკენ მიემართება. მსგავსი თხრილები რუსებმა უკრაინაში მათ კონტროლირებად ტერიტორიებზე დაამონტაჟეს.
უკრაინის პრეზიდენტი კი ოდესაში ჩავიდა და მტრის იერიშის შედეგად დაზიანებულ ფერისცვალების ტაძარში მივიდა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ ასევე რადას 1 დეპუტატს უფლებამოსილება შეუჩერა, რომელიც ომის დროს მალდივებზე ისვენებდა.