ტერორიზმის საქმეზე დაკავებულ ორ ბრალდებულს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენებასთან დაკავშირებით.
ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფმა განცხადება გააკეთა დაკავებისა და ჩხრეკის დროს გამოძიების მხრიდან ჩატარებულ უკანონო მოქმედებებთან დაკავშირებით, თუმცა ეს არ ეხება ძალადობას.
მისივე განმარტებით, აღკვეთის ღონისძიებად გირაოს, 5 000 ლარის ოდენობით შეფარდების შუამდგომლობა მოსამართლემ ადვოკატებს არ დაუკმაყოფილა. დაცვის მხარე გადაწყვეტილებას სავარაუდოდ ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრებს.
საქმეზე წინასასამართლო სხდომა 18 სექტემბერს ჩაინიშნა. გამოძიება ტერორისტული ორგანიზაციის წევრობის ფაქტზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ერთი თვის წინ დაიწყო.
დაკავებულებს ბრალი საბრძოლო მასალის, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის მუხლით აქვთ წარდგენილი.