აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებგვერდზე მიხეილ სააკაშვილის ლობისტების საქმიანობის შესახებ მორიგი დოკუმენტაცია გამოქვეყნდა

20 ივლისი 2023, 13:25 617 ნახვა

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებგვერდზე მიხეილ სააკაშვილის ოჯახის მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიების საქმიანობის შესახებ მორიგი დოკუმენტაცია გამოქვეყნდა.

28 თებერვლით დათარიღებულ დოკუმენტში მოყვანილია "ჯიპი ინთერნეიშენალის“ (GP International) მიერ საქართველოს ექსპრეზიდენტის შესახებ დასავლური მედიისთვის მომზადებული მასალები.

ლობისტები მათ მიერ მომზადებულ რელიზში წერენ, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა საფრთხეშია და აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა და თავისუფალი ქვეყნის ლიდერებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ მის გასათავისუფლებლად.

"სააკაშვილი ყოველთვის იყო უნივერსალური ადამიანური ღირებულებების დამცველი, დასავლეთისა და შეერთებული შტატების მტკიცე მოკავშირე და ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებზე რუსეთის ჰეგემონიის ძლიერი კრიტიკოსი. როგორც საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მან ქვეყანა წარმართა ტრანსფორმაციის გზით, რამაც მხოლოდ რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველო ერთ-ერთ ყველაზე ნაკლებად კორუმპირებულ ქვეყნად აქცია მსოფლიოში, როგორც ამას საერთაშორისო გამჭვირვალობა აღიარებს“, – ნათქვამია მასალაში, რომელიც ლობისტურმა კომპანიამ საერთაშორისო მედიისთვის მოამზადა.

მედიისთვის მომზადებულ მასალაში ვკითხულობთ, რომ „სააკაშვილი იყო ლიდერი, რომლის დროსაც პირველი მშვიდობიანი საარჩევნო ცვლილება განხორციელდა და 2013 წელს თანამდებობა ქართველი ამომრჩევლის პატივისცემით დატოვა“, ხოლო მის კონკურენტად მოიხსენიებენ ბიძინა ივანიშვილს.

„მსოფლიოს წამყვანი სამედიცინო ექსპერტების აზრით, დიდია იმის ალბათობა, რომ სააკაშვილი აწამეს და შესაძლოა, საქართველოს მთავრობამ მოწამლა კიდევაც, რომელიც საყოველთაოდ ცნობილია კრემლის დიდი გავლენით“, - წერია ლობისტების მიერ მომზადებულ მასალაში.

აღნიშნული მასალა გამოქვეყნებულია 2023 წლის 28 თებერვალს „ნიუ იორკ სანში“ და ავტორად მითითებულია ისრაელის იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილე და საბჭოთა კავშირის ყოფილი პოლიტპატიმარი, უფლებადამცველი ნათან შარანსკი.

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებგვერდზე ასევე გამოქვეყნებულია ლობისტური კომპანიის მიერ საერთაშორისო მედიისთვის დაკვეთილი სტატიები, რომლებიც მათ მიერ მომზადებული რელიზების საფუძველზე მზადდებოდა. მათ შორის ერთ-ერთია მიხეილ სააკაშვილის სახელით „პოლიტიკოში“ გამოქვეყნებული წერილი, სათაურით „მე ვარ პოლიტპატიმარი საქართველოში და მე ვკვდები“.

შეგახსენებთ, რომ მანამდე იუსტიციის დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა ლობისტური კომპანიების ანგარიშები, სადაც მიხეილ სააკაშვილის ოჯახის მიერ დაქირავებული კომპანიების და მათი საქმიანობის შესახებ ინფორმაცია არის მოცემული. დოკუმენტებით დგინდება, რომ ლობისტურმა კომპანიებმა „აკერმანმა“ (Akerman) და „ჯიპი ინთერნეშენალმა“ (GP International) ექვსთვიანი საანგარიშო პერიოდის განმავლობაში სხვადასხვა სახის აქტივობები განახორციელეს, რომლებიც შეეხება ევროპარლამენტის რეზოლუციებს, სანქციებს საქართველოს წინააღმდეგ, სააკაშვილის შეწყალების მოთხოვნით საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის მცდელობას, აგრეთვე პოლონელ ექიმებს. 

დოკუმენტში დასახელებულია ის მედიასაშუალებები, რომლებსაც ლობისტური კომპანიები უკავშირდებოდნენ სტატიების მოსამზადებლად. მედიასაშუალებებს შორის დასახელებულია „სიენენი“, „როიტერსი“, „გარდიანი“. ასევე, ჩამოთვლილია კონკრეტული ჟურნალისტები და სხვა პირები, რომელთაც ლობისტური კომპანიები სტატიების მოსამზადებლად უკავშირდებოდნენ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი