„შავი ზღვის კაბელის“ პროექტით შევძლებთ ელექტროენერგიის ევროპაში გატანას, გავყიდით უფრო მაღალ ფასად, ევროპა-საქართველოს პირდაპირი დაკავშირებადობის გაძლიერება ხდება - ირაკლი ღარიბაშვილი

30 ივნისი 2023, 18:41 534 ნახვა

შავი ზღვის კაბელის პროექტით შევძლებთ აქ წარმოებული ელექტროენერგიის გატანას ევროპაში, უფრო მაღალ ფასად გავყიდით ელექტროენერგიას, ხდება პირდაპირი დაკავშირებადობის გაძლიერება და განმტკიცება ევროპასა და საქართველოს შორის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

„შავი ზღვის კაბელზე მინდა, მოგახსენოთ რამდენიმე სიტყვით უფრო მეტად, თუმცა ჩემს გამოსვლაში ამის თაობაზე გესაუბრეთ უკვე, მაგრამ გეტყვით, რომ შავი ზღვის კაბელი არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი, ეს პროექტი არის ჩვენი, ქართული მხარის ინიციატივა, ორი წლის წინ მე ჩასული ვიყავი ბრიუსელში, როცა მსხვილ პროექტებზე მიდიოდა მუშაობა ევროპელებთან, მათ წარვუდგინეთ ერთ-ერთ პროექტად, მათ მოიწონეს ეს პროექტი, შემდეგ დავიწყეთ მუშაობა აქტიურად, ჩვენს აზერბაიჯანელ მეგობრებთან ერთად, რუმინეთი, უნგრეთიც ჩაერთო ამ პროცესში და მოგეხსენებათ რომ სრული მხარდაჭერა მივიღეთ ჩვენ ევროკავშირისგან.  ქალბატონი ურსულა ფონ დერ ლაიენი იყო ჩამოსული რუმინეთში და არის სერიოზული დაინტერესება ამ პროექტის მიმართ. რაც შეეხება კაბელს და ამ პროექტიდან რეალურად მისაღებ სარგებელს, რაც ჩვენმა ქვეყანამ შეიძლება მიიღოს, გარდა იმისა რომ წმინდა ეკონომიკური სარგებელი ქვეყანამ შეიძლება მიიღოს, იმით რომ ჩვენ აქ შევძლებთ აქ წარმოებული, გენერირებული ელექტროენერგიის გატანას ევროპაში, უფრო მაღალ ფასად გავყიდით ელექტროენერგიას, ხდება პირდაპირი დაკავშირებადობის გაძლიერება და განმტკიცება ევროპასა და საქართველოს შორის, ეს იქნება ერთ-ერთი პირდაპირი დამაკავშირებელი პროექტი, რომელიც დააკავშირებს საქართველოს შავი ზღვის მეშვეობით ევროპასთან, რაც ასევე ორმაგად და სამმაგად სტრატეგიული მნიშვნელობის შეიძლება იყოს, ამიტომ ამ პროექტზე ახლა მიმდინარეობს კვლევები, კვლევები დასრულდება წელს სექტემბერ-ოქტომბერში დაახლოებით, ამის თაობაზე, ამის შემდეგ კიდევ გაიმართება შეხვედრები, პარალელურად აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს მუშაობა სამინისტროების დონეზე, სამუშაო ჯგუფებია შექმნილი ქვეყნებთან ერთად, მოგვიანებით, რა თქმა უნდა, შედეგებს გაცნობებთ. ეს შეიძლება იყოს დაახლოებით ორ-სამ მილიარდიანი პროექტი, დაფინანსების თაობაზე სრული მზაობაა გამოცხადებული მსოფლიო ბანკის, ევროკავშირის მხრიდან და ასე შემდეგ. ასე რომ ვფიქრობ ერთ-ერთი ძალიან საინტერესო პროექტი შეიძლება გამოგვივიდეს, მეორე ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი ვუწოდოთ ამას, ვინაიდან ის პოტენციალი, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია, მწვანე ენერგიის წარმოების მიმართულებით, შეგვეძლება, რომ მიზანმიმართულად დავიწყოთ ამ დიდი პროექტების განხორციელებაც, რაც მთავარია გვექნება პირდაპირი გასასვლელი ევროპაში, ევროპულ ბაზარზე და შეგვეძლება ჩვენი იაფი ელექტროენერგია გავყიდოთ ორმაგ, ოთხმაგ და ხუთმაგ ფასებში ევროპულ ბაზარზე. მოგეხსენებათ, რაც შეეხება ზოგადად ფასებს, პანდემიის დროს და შემდეგაც, ნახეთ როგორ არნახულად გაიზარდა ფასები ელექტროენერგიაზე, ზოგადად, ენერგომატარებლებზე, ყველგან, მთელ მსოფლიოში და მათ შორის ევროპაში, საშუალო შეწონილი ფასი ელექტროენერგიის ერთ კილოვატ საათზე შეადგენდა ოც ცენტს, შედარებისთვის ჩვენთან ელექტროენერგიის ფასი, თუ არ ვცდები არის ექვსი-შვიდი ცენტი დაახლოებით, 20 ცენტი იყო ევროპაში საშუალოდ, გერმანიაში შარშან 80 ცენტიც კი დაფიქსირდა კილოვატ საათზე, ასე რომ ეს არის კარგი შესაძლებლობა, მეორეს მხრივ ასევე ჩვენ უნდა ვიყოთ მზად განვავითაროთ ჰესები, ამის თაობაზე მე ვახსენე ოთხი დიდი ჰესი, ოთხი დიდი პროექტი, რომელზეც მიდის აქტიური მუშაობა, მათ შორის ხუდონის პროექტზე მიდის მუშაობა, ერთ-ერთი შვეიცარიული, ყველაზე ცნობილი კომპანია აკეთებს ამ პროექტის მოდიფიცირებას, ჩვენი სურვილია, რომ მთავარი დამაბრკოლებელი და შემაწუხებელი რაც იყო, დატბორვა მათ შორის ეკლესიის, სოფლის რომ აღარ მოხდეს ეს რომ თავიდან ავირიდოთ სვანეთში, ამგვარად უნდა მოვაწყოთ ეს პროექტი და ასე განვახორციელოთ, რა თქმა უნდა, ჩვენი ხალხის და მოქალაქეების ჩართულობით ადგილზე. ამაზეა საუბარი, ხუდონი, შემდეგ ნამახვანი, ნენსკრა, კიდევ არის სხვა რამდენიმე მსხვილი პროექტები და ჯამში ჩვენ შეგვეძლება დაახლოებით 3 000 მეგავატი სიმძლავრის ჰესების აშენება მომდევნო 2-3 წელიწადში, ეს არის მინიმუმ სამ-ოთხ მილიარდ დოლარიანი ინვესტიცია, რაც, რა თქმა უნდა, დამატებით დაბუსტავს ეკონომიკის ზრდას და ხელს შეუწყობს ისედაც პოზიტიურ ეკონომიკურ ზრდას“, – განაცხადა პრემიერმა.

პრემიერმა ასევე ისაუბრა შუა დერეფნის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ ძალიან დიდი პერსპექტივა აქვს ამ მიმართულებას.

„აქვე მინდა აღვნიშნო, ჩვენი კორიდორის მნიშვნელობის თაობაზე კიდევ ერთხელ მინდა განვმარტო, ერთ-ერთი მთავარი მიმართულება, რომელზეც ჩვენ ვმუშაობთ არის ციფრული დერეფნის განვითარება, ძალიან დიდი პერსპექტივა აქვს ამ მიმართულებას, ამაზე აქტიური მუშაობა მიდის, არსებობს ორი სხვა პროექტიც, ალტერნატივაც შეიძლება განვითარდეს, რომ გაიზარდოს დაკავშირებადობა, საქართველოს გავლით ცენტრალური აზიის ქვეყნებთან და ჩინეთთან და მეორეს მხრივ შეიძლება ინდოეთთან და ზოგადად, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიც შეიძლება დააკავშიროს და ინტერნეტი მივაწოდოთ ჩვენი გავლით, შავი ზღვის და ჩვენი კორიდორის გავლით, ამ მიმართულებაზეც მიდის აქტიური მუშაობა“, – აღნიშნა პრემიერმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში