თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ყოფილი გამომძიებელი ბრალდებას აღიარებს - ადვოკატი

26 ივნისი 2023, 15:29 760 ნახვა

თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ყოფილი გამომძიებელი სერგო შუბითიძე გამოძიების შეცდომაში შეყვანისა და მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის მიზნით ცრუ ჩვენების ბრალდებას აღიარებს. ამის შესახებ დაკავებულის ადვოკატმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„სერგო შუბითიძე წარდგენილ დანაშაულს აღიარებს, წაყენებულ ბრალდებას ეთანხმება. სასამართლოს სხდომაზე არაფრის თქმას არ ვაპირებთ. დანარჩენი ჩვენთვის გვინდა, რომ კონფიდენციალური იყოს. მას ასე სურს. რატომ გააკეთა და რატომ გაავრცელა ეს ინფორმაცია, ამასთან დაკავშირებით შემდგომ სასამართლოს მოახსენებს“, - განაცხადა დარეჯან ბუცხრიკიძემ.

საქმის პროკურორის მარიამ მეშველიანის განმარტებით, ბრალდებულმა დაადასტურა, რომ გამოძიებას და სასამართლოს ცრუ ჩვენება მისცა, რის გამოც, პროკურატურამ სასამართლოს, ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით მიმართა.

დაცვის მხარე გირაოს შეფარდებას მოითხოვს. ადვოკატის თქმით, დანაშაული ნაკლებად მძიმე კატეგორიას ეკუთვნის, ოთხ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს და დაცვის მხარის შეფასებით, სასამართლოს შეუძლია, ბრალდებულს პატიმრობა არ შეუფარდოს.

პროკურატურამ თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ყოფილი გამომძიებელი სერგო შუბითიძე გუშინ დააკავა. საქართველოს გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინება, რაც მოწმის მიერ ცრუ ჩვენების მიცემით მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლას გულისხმობს.

 

 

ფოტო: არქივი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი