„ვოზორიდიტის“ ერთადერთი ცნობილი ეფექტია სიგრძეში ძვლის ზრდის დაჩქარება, სხვა ეფექტი ამ მედიკამენტს ან არ გააჩნია, ან მეცნიერებამ ამის შესახებ ჯერ არ იცის - თამარ გაბუნია

27 აპრილი 2023, 10:20 848 ნახვა

„ვოზორიდიტი“ დღეს არის ერთადერთი ცნობილი მედიკამენტი, რომელსაც აქვს ერთადერთი ცნობილი ეფექტი და ეს არის სიგრძეში ძვლის ზრდის დაჩქარება, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.

„ეს არის ერთადერთი ცნობილი ეფექტი. სიცოცხლის ხარისხის, სიცოცხლის ხანგრძლივობის, თანმხლები დაავადებების, გართულებების, გაუმჯობესების და გადაწყვეტის კუთხით სხვა ეფექტი ამ მედიკამენტს ან არ გააჩნია, ან ჯერ მეცნიერებამ ამის შესახებ არ იცის. ამდენად, „ვოზორიდიტი“ არ განიხილება, რომ ეს არის სიცოცხლის გადამრჩენი მედიკამენტი. ვფიქრობ, გარკვეულწილად, ის უკმაყოფილება და დაძაბულობა, რაც დღეს ამ მედიკამენტის გარშემო არსებობს, შესაძლებელია, უკავშირდებოდეს გადაჭარბებულ მოლოდინს მედიკამენტის შესაძლებლობასთან დაკავშირებით. მედიკამენტს აქვს ერთი კონკრეტული ეფექტი და ამაზე უნდა შევთანხმდეთ.

 

ჩვენთვის საინტერესოა ეს ეფექტი, ამიტომ დავიწყეთ საუბარი მწარმოებელთან, ევროპის იშვიათი დაავადებების ასოციაციასთან და ჯანმო-სთან. თუ ბავშვი სხვა ქვეყანაში იღებს იმ დადებით შედეგს, რაც „ვოზორიდიტმა“ შეიძლება, თეორიულად მოიტანოს, მიუხედავად იმისა, რომ კითხვის ნიშნები არსებობს, გვერდით ეფექტებზე ვსაუბრობთ და არ ვიცით გრძელვადიანი გართულებები, ჩვენც გავხსენით დიალოგი ამასთან დაკავშირებით და დღემდე მიდის აქტიური მუშაობა იმისთვის, რომ უსაფრთხოდ, ხარისხის გარანტირებულად უზრუნველყოფის გზით, მედიკამენტი გარკვეულ გონივრულ ვადაში გახდეს ხელმისაწვდომი იმ ბავშვებისთვის, ვისაც ის რეალურად სჭირდება“, – განაცხადა გაბუნიამ.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორის, ივანე ჩხაიძის განცხადებით კი გზა, რომელსაც ახლა მედიკამენტ „ვოზორიდიტთან“ დაკავშირებით ქვეყანა გადის, არის სწორედ ის გზა, რომელიც უნდა გაიაროს.

"მაგალითად, პრეპარატი "რედმესივირი“ მივიღეთ მაშინ, როდესაც პანდემია იყო და ის მართლაც სასიცოცხლო მნიშვნელობის პრეპარატი იყო. თავიდან ჩვენ „რემდესივირში“ ფული არ გადაგვიხდია, საერთოდ გვაჩუქეს, თუმცა იმისთვის, რომ პრეპარატი საქართველოში დანერგილიყო, ამას დასჭირდა დეტალური პროტოკოლის მომზადება, დოზირების მომზადება, ექიმების დატრენინგება და ა.შ. მედიკამენტ „ვოზორიდიტთან“ დაკავშირებით ეს პროცესი მიმდინარეობს, შემიძლია, დავადასტურო. სამუშაო ჯგუფის მუშაობაში მონაწილეობას იღებს ერთ-ერთი პაციენტის ბებია. ასე რომ, ეს სრულიად გამჭვირვალე პროცესია და ნამდვილად მიმდინარეობს პროტოკოლის შექმნის პროცესი“, - განაცხადა ჩხაიძემ.

მისივე თქმით, აქონდროპლაზიის სინდრომს ახლავს გართულებები და პრეპარატი „ვოზორიდიტი“ ამ გართულებების წინააღმდეგ მიმართული არ არის.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი