ვაფასებთ არსებული კონფლიქტების მოგვარების ხელშესაწყობად ჩრდილოეთ მაკედონიის მზაობას და ამ საკითხების ეუთო-ს დღის წესრიგში ძალიან მაღალ დონეზე შენარჩუნებას - დარჩიაშვილი

10 აპრილი 2023, 17:47 511 ნახვა

მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და გამოვხატო ჩვენი ქვეყნის მხარდაჭერა იმ ძირითადი პრიორიტეტების მიმართულებით, რომელიც განსაზღვრულია ეუთო-ს თავმჯდომარე ქვეყნის მხრიდან, ეს პრიორიტეტები ეხება ხალხს, ხალხის საჭიროებებს და მათ ინტერესებზე არის მორგებული, განსაკუთრებით, იმ ადამიანებს, რომლებიც დაზარალებული არიან წლების განმავლობაში კონფლიქტების შედეგად, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა ჩრდილოეთ მაკედონიის საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

ილია დარჩიაშვილის თქმით, საქართველო გააგრძელებს მხარდაჭერას იმ პრიორიტეტების მიმართულებით, რომელიც თავმჯდომარე ქვეყნის მხრიდან არის განსაზღვრული.

"ჩვენ ძალიან ვაფასებთ არსებული კონფლიქტების მოგვარების ხელშესაწყობად ჩრდილოეთ მაკედონიის მზაობას და ამ საკითხების ეუთო-ს თავმჯდომარეობის დღის წესრიგში ძალიან მაღალ დონეზე შენარჩუნებას. მინდა, მადლობა გადავუხადო ჩრდილოეთ მაკედონიას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის, როგორც ეუთო-ს ორგანიზაციის ფარგლებში არსებული მექანიზმების მიმართულებით, ისე ორგანიზაციის მიღმა. ასევე, მნიშვნელოვანია თქვენი მხარდაჭერა არაღიარების პოლიტიკის მიმართულებით. შეხვედრისას ვისაუბრეთ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს კონფლიქტზე, კონფლიქტით გამოწვეულ შედეგებზე, ადგილზე არსებული მძიმე ჰუმანიტარული, სოციალური, ადამიანის უფლებების თვალსაზრისით არსებულ მდგომარეობაზე. მქონდა შესაძლებლობა, ჩემი კოლეგისთვის გამეზიარებინა ჩვენი ხედვები და მოსაზრებები.

ასევე, გვქონდა საუბარი 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესახებ, რომელიც ვფიქრობ, ერთ-ერთი მთავარი საკითხია, როდესაც საქმე ეხება კონფლიქტის დარეგულირებას.  ახლახან ჩატარდა ჟენევის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი, მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და ეუთო-ს განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ამ ძალიან მნიშვნელოვანი პროცესის მხარდაჭერისთვის. ასევე, მქონდა შესაძლებლობა, ჩემი კოლეგისთვის გამეზიარებინა ჩვენი ქვეყნის სამშვიდობო პოლიტიკა, ის პოლიტიკა, რომელსაც ჩვენი ქვეყანა ახორციელებს ოკუპირებული ტერიტორიების მიმართულებით, რაც ჩვენი განხილვის ერთ-ერთი საკითხი იყო ჩვენს შეხვედრაზე. მნიშვნელოვანია, რომ მინისტრი ოსმანი ხვალ საოკუპაციო ხაზს ეწვევა, მოინახულებს ლტოლვილთა დასახლებას და ამისთვის მინდა, მას განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო. მას ექნება შესაძლებლობა თავად იხილოს ადგილზე არსებული სიტუაცია“, - განაცხადა დარჩიაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი