ამერიკაში სასამართლოს ნდობა ისტორიულ მინიმუმზეა, უმჯობესია, საკუთარ დემოკრატიასა და სასამართლო სისტემაში არსებული დირე მოიკითხონ - "ხალხის ძალა"

06 აპრილი 2023, 16:47 698 ნახვა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე ოთხი მოსამართლის სანქცირება ცინიზმის მწვერვალია, – ამის შესახებ ნათქვამია საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ განცხადებაში.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ამერიკელები საქართველოს სუვერენიტეტს არ ცნობენ.

„2004-2012 წლებში საქართველოს სასამართლო სისტემას უცხოელი აგენტები – სააკაშვილი და ადეიშვილი დაეპატრონენ. ყველამ კარგად ვიცით, სადამდე მიიყვანა ამერიკელების მიერ გამწესებულმა ხელისუფლებამ მაშინ ქართული მართლმსაჯულება. სასამართლოს ხელით საქართველოში გაუბედურდა ათიათასობით ოჯახი. სასამართლო გადაქცეული იყო პოლიტიკური რეპრესიების, ელიტური კორუფციის, ბიზნესის რეკეტის, დამოუკიდებელი მედიის მიტაცების, ადამიანების დაშინების ერთ-ერთ უმთავრეს ინსტრუმენტად. უამრავი ადამიანისთვის უსამართლო განაჩენი ნაადრევი სიკვდილით, ჯანმრთელობის მძიმე შერყევით ან ოჯახის გაღატაკებით დასრულდა. ამ სისტემის შემოქმედი სააკაშვილი დღეს ამერიკელების განსაკუთრებული ზრუნვის ქვეშ მყოფი პატიმარია, რომელიც კერძო საავადმყოფოს ლუქსპალატაში ყოფნას ვერ იტანს და რომელზეც გვეუბნებიან, რომ წონაში ხელოვნურად კლების გამო უნდა გავათავისუფლოთ.

კორუმპირებული სასამართლო სისტემის მეორე შემოქმედი, ზურაბ ადეიშვილი ამერიკელებისგან ხელშეუხებლობის სრული გარანტიით სარგებლობს. ამ ფონზე, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ოთხი მოსამართლის სანქცირება ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე, უბრალოდ, ცინიზმის მწვერვალია. ამ ფაქტით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ამერიკელები საქართველოს სუვერენიტეტს არ ცნობენ. მეტიც, საქართველოს სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას ისტერიულად უპირისპირდებიან.

იგივე ეხება ქართული მართლმსაჯულების დამოუკიდებლობასაც, რომელიც ამერიკელებმა 2012 წლიდან მოყოლებული ვერაფრით მოინელეს. არსებობს რამდენიმე ამერიკელი სენატორის რამდენიმე წლის წინანდელი წერილი ამერიკის პრეზიდენტისადმი, სადაც ისინი დეტალურად აღწერენ, როგორ ჩაუგდეს ხელში ამერიკელებმა, კერძოდ, USAID-მა, სოროსის ფონდმა და ისტ-უესტ მენეჯმენტმა ალბანეთის სოციალისტურ პარტიას ალბანეთის სასამართლო სისტემა. მსგავსი პროცესები სასამართლოზე ამერიკული კონტროლის დასამყარებლად არაერთ ქვეყანაში წარიმართებოდა და წარიმართება.

დღევანდელი საქართველოც ამის საუკეთესო მაგალითია, სადაც უკვე რამდენიმე წელია, ამერიკელები სასამართლოზე „ნაცმოძრაობის“ კონტროლის დაბრუნებას გამალებული ცდილობენ. ამერიკელები არ ერიდებიან პოლიტიკური პოზიციის დაფიქსირებას მიმდინარე სასამართლო საქმეებზე, რისი ყველაზე ცხადი მაგალითიც „რუსთავი 2“-ის შემთხვევა იყო. ისინი პირდაპირ იბარებენ მოსამართლეს და სთხოვენ ანგარიშს მათთვის პოლიტიკურად მნიშვნელოვან საქმეზე, შემდეგ კი მას ამერიკაში ვიზიტს უუქმებენ.

ამერიკელები სასამართლო სისტემის კონსტიტუციურ ორგანოს – იუსტიციის უმაღლეს საბჭოს არ უთანხმებენ არცერთ შეხვედრას, ვიზიტს, ტრენინგს თუ სხვა ღონისძიებას, რასაც სასამართლო ხელისუფლებაში საკუთარი აგენტურის რეკრუტირებისთვის იყენებენ. ხელისუფლება მთელი ამ წლების განმავლობაში ამ ყველაფერს რბილად პასუხობდა, რამაც ამერიკელების მიერ სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის ხელყოფის კულმინაციამდე – მოსამართლეების სანქცირებამდე მიგვიყვანა.

ამერიკელების თავხედური ქმედებები სასამართლოს დამოუკიდებლობის წინააღმდეგ საქართველოს სუვერენიტეტის, საქართველოს კონსტიტუციისა და კონსტიტუციური წესრიგის მიმართ მათი მტრული დამოკიდებულების შედეგია. როდესაც ამერიკაში სასამართლოს ნდობა ისტორიულ მინიმუმზეა, ხოლო უზენაესი სასამართლოს მიმართ ნდობა სულაც 25 პროცენტზეა ჩამოსული, უმჯობესია, ამერიკელებმა საკუთარ დემოკრატიასა და სასამართლო სისტემაში არსებული დირე მოიკითხონ და სხვის დემოკრატიასა და სასამართლო სისტემაში ბეწვი არ ეძებონ. ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს, როგორი იყო ამერიკელების მიერ დალაგებული სააკაშვილ-ადეიშვილის სასამართლო სისტემა საქართველოში და ამ ბნელ წარსულს არასოდეს უნდა დავუბრუნდეთ. ამისათვის კი აუცილებელია, ხელისუფლებამ გამოავლინოს მეტი პრინციპულობა და როგორც საქართველოს სუვერენიტეტი, ისე სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა ანტიდემოკრატიული შეტევებისგან მეტი სიმკაცრით დაიცვას“, – ნათქვამია განცხადებაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი