29 მარტიდან 2 აპრილამდე საქართველოს ტერიტორიაზე ამინდი მკვეთრად გაუარესდება - გარემო

28 მარტი 2023, 16:48 770 ნახვა

29 მარტიდან 2 აპრილამდე საქართველოს ტერიტორიაზე მოსალოდნელია ამინდის პირობების მკვეთრი გაუარესება - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 29 მარტის ღამის საათებში შავი ზღვის სანაპიროზე და გურია-სამეგრელოს ცალკეულ რაიონებში, ხოლო 29 მარტის დღის მეორე ნახევრიდან ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე დასავლეთის მიმართულების ძალიან ძლიერი ქარია მოსალოდნელი, ზღვაზე შესაძლებელია 4-5 ბალიანი შტორმი, ხოლო მაღალმთიან რეგიონებში ქარბუქი აღინიშნოს.

„30 მარტიდან 2 აპრილამდე მნიშვნელოვნად დაიწევს ჰაერის ტემპერატურა. 31 მარტისა და 1 აპრილის ღამის საათებში დაბლობსა და ბარშიც ტემპერატურა 0 გრადუსს ჩამოსცდება.

30 მარტიდან 1 აპრილამდე ნალექი, ზოგან ძლიერი, მაღალ მთაში თოვლის სახითაა მოსალოდნელი, ცალკეულ რეგიონებში შესაძლებელია ელჭექი და სეტყვა აღინიშნოს.

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს.

მოსალოდნელმა ძლიერმა ქარმა შესაძლებელია, შენობების სახურავების, ელექტროგადამცემი ხაზების, ხეებისა და სხვა ინფრასტრუქტურული ობიექტების დაზიანება გამოიწვიოს. ჰაერის დაბალი ტემპერატურა და ძლიერი ქარი ნეგატიურად იმოქმედებს ყვავილობის ფაზაში მყოფ ხეხილზე“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში