საგარეო საქმეთა სამინისტროში ნორვეგიის ელჩის დაბარება

28 მარტი 2023, 15:01 629 ნახვა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოში ნორვეგიის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ჰელენ სანდ ანდერსენთან შეხვედრა გაიმართა.

საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, შეხვედრა ნორვეგიის კონსერვატიული პარტიის მიერ მიხეილ სააკაშვილისთვის ადამიანის უფლებების ხელშეწყობისთვის ჯილდოს გადაცემის თაობაზე და აღნიშნულთან დაკავშირებით ნორვეგიის ელჩის მიერ გაკეთებულ კომენტარზე გაიმართა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ელჩს განემარტა ქართული მხარის უარყოფითი დამოკიდებულება აღნიშნული ფაქტის გამო, რაც დაკავშირებულია მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში ხელისუფლების მხრიდან ადამიანის უფლებების დარღვევის და ძალაუფლების გადამეტების ფაქტებთან, რომელზეც მიხელ სააკაშვილი და მისი მთავრობის არაერთი წარმომადგენელი მსჯავრდადებულია ან უკვე მოიხადეს სასჯელი.

როგორც უწყებაში აღინიშნა, ნორვეგიის კონსერვატიული პარტიის აღნიშნული ნაბიჯი ხელს არ უწყობს ქართულ საზოგადოებაში დეპოლარიზაციას და შეურაცხმყოფელია სააკაშვილის მმართველობის პერიოდში ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებების მსხვერპლი მოქალაქეებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის.

როგორც შეხვედრაზე ნორვეგიის სამეფოს ელჩმა აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილისთვის ჯილდოს გადაცემა არ წარმოადგენს ნორვეგიის მთავრობის პოზიციას და კონკრეტული პოლიტიკური პარტიის ინიციატივაა. მხარეებმა შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დაადასტურეს საქართველოსა და ნორვეგიის სამეფოს შორის არსებული კეთილმეგობრული ურთიერთობები და გამოხატეს მზაობა, მომავალში ხელი შეუწყონ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის განვითარებას“, – აღნიშნულია საგარეო უწყების ინფორმაციაში.

საქართველოში ნორვეგიის ელჩის, ჰელენ სანდ ანდერსენის კომენტარი ტელეკომპანია „მთავარმა“ გაავრცელა, რომლის თანახმად, ნორვეგიის საელჩო ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაჯილდოების თაობაზე ინფორმირებული არ ყოფილა, ვიდრე ამის შესახებ ინფორმაციას მედიაში არ გაეცნენ. „დავამატებ, რომ გაოგნებული ვარ ტერორისტ ბერინგ ბრეივიკთან შედარებით, რაც მე უაღრესად უადგილოდ მიმაჩნია“, "- განაცხადა ელჩმა, რომლის თქმითაც, ჯილდოს, რომელიც საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიიღო, ნორვეგიის კონსერვატიული პარტია ყოველწლიურად გასცემს და ის არ გამოხატავს ნორვეგიის მთავრობის პოზიციებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი