ირაკლი კობახიძის თქმით, დარწმუნებულია, რომ საქართველოს პრეზიდენტს არც ამერიკული კანონი აქვს წაკითხული, არც რუსული და არც „ხალხის ძალის'' კანონპროექტი და განცხადება ემოციურ ფონზე გააკეთა.
„არ მგონია, პრეზიდენტს ჰქონდეს წაკითხული ან ამერიკული კანონი, ან რუსული, ან ეს კანონპროექტი. მე დარწმუნებული ვარ, რომ არც ერთი არ აქვს წაკითხული და ასე გააკეთა, ემოციურ ფონზე ეს განცხადება. მისი უფლებაა, ამაში ჩვენ ვერ შევალთ.პრეზიდენტს არაერთხელ უცდია, რომ შეგვიყვანოს მასთან კინკლაობაში, თუმცა ჩვენ მას კინკლაობაში, რა თქმა უნდა, არ ავყვებით, ეს არ არის ჩვენი მიზანი და ამოცანა.
საერთოდ არ არის კანონპროექტის განხილვა ჯერ დაწყებული და უკვე ვეტოს აცხადებს პრეზიდენტი ისე, რომ შინაარსი არ იცის, რა იქნება მიღებული და წინასწარ აცხადებს ვეტოს, ეს ღიმილის მომგვრელია. თვითონ აცხადებდა საპრეზიდენტო კამპანიის დროს, რომ ის არ იქნებოდა ვეტომდებელი. ასეთი რამ მარგველაშვილსაც კი არ უკადრია, რომ განხილვებიც კი არ არის დაწყებული პარლამენტში და უკვე ვეტოს ადებს იმ კანონს, რომელიც მიღებული არ არის და საერთოდ ბუნებაში არ არსებობს. ანუ, კანონი არ არსებობს და არარსებულ კანონს ადებს ვეტოს“, – განაცხადა კობახიძემ.
ირაკლი კობახიძემ „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული კანონპროექტიც შეაფასა და განაცხადა, რომ კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ მთლიანად შესაბამისობაშია ადამიანის უფლებების სტანდარტებთან, განსხვავებით ამერიკული და რუსული კანონებისგან, ითვალისწინებს გამჭვირვალობის მინიმალურ სტანდარტს, მეტს არაფერს.
„პირდაპირ შემიძლია, გითხრათ, როგორც იურისტმა, ადამიანის უფლებების სპეციალისტმა, რომ ამერიკული კანონი არის სრული კატასტროფა, ჩვენ ასეთი კანონის მიღება საქართველოს პარლამენტში ნამდვილად ვერ ვიკადრებდით. რაც შეეხება რუსულ კანონს, რუსულ კანონსაც ახლა გავეცანი და ყოფილა ამერიკული კანონის მსგავსი, ანუ პირდაპირ შეგიძლია, მიამსგავსო რუსული კანონი ამერიკულს. როგორც ჩანს, რუსული მესიჯი დარბილებასთან დაკავშირებით იყო ტყუილი, რეალურად რუსული კანონი არის ზუსტად ამერიკულის ანალოგი. რაც შეეხება ქართულ კანონპროექტს, რომელიც არის ინიცირებული „ხალხის ძალის“ მიერ, არის მთლიანად შესაბამისობაში ადამიანის უფლებების სტანდარტებთან, განსხვავებით ამერიკული და რუსული კანონებისგან, ითვალისწინებს გამჭვირვალობის მინიმალურ სტანდარტს, მეტს არაფერს.
არის ძალიან მარტივი, ლაკონური კანონი, ერთადერთი, რასაც ითვალისწინებს, არის ის რომ სუბიექტები, რომლებიც იღებენ 20%-ზე მეტს უცხოურ დაფინანსებას, წარადგენენ წლიურ დეკლარაციებს, განსხვავდება რადიკალურად როგორც ამერიკული, ასევე რუსული კანონებისგან, რომლებიც არის მთლიანად შეუსაბამო ადამიანის უფლებების სტანდარტებთან. ერთიც და მეორეც კატასტროფული კანონებია. რა თქმა უნდა, ჩვენ ასეთი კანონების მიღებას ვერ და არ ვიკადრებდით, ჩვენ ვერ დავუჭერდით ასეთი კანონის მიღებას მხარს. შემუშავებულია ქართული კანონპროექტი, არც ამერიკული არც რუსული, ეს არის ქართული, რომელიც ეფუძნება პრინციპების დონეზე ამერიკულ კანონს, მაგრამ რადიკალურად განსხვავდება სწორედ იმით, რომ ეს კანონპროექტი არის შესაბამისობაში ადამიანის უფლებების სტანდარტებთან. ეს არის რეალობა, დანარჩენი ყველაფერი არის ტყუილი და სპეკულაცია"- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
კობახიძემ გრანტების თემაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სახელმწიფოსთვის მისაღებია მხოლოდ ის გრანტი, რომელიც მიზნად ისახავს კეთილშობილური გავლენის რეალიზებას.
„სახელმწიფო თვითონ ფილტრავს გრანტებს და სახელმწიფოსთვის მისაღებია მხოლოდ ის გრანტი, რომელიც მიზნად ისახავს კეთილშობილური გავლენის რეალიზებას, მაგალითად არის გრანტები, რომლებიც მიზნად ისახავს, პირობითად, ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკის აღდგენას. სახელმწიფო ფილტრავს და იღებს ისეთ გრანტს, რომელიც ემსახურება ქვეყნის ინტერესებს. რაც შეეხება სხვა გრანტებს, ის სახელმწიფო ვერ ფილტრავს არის რისკი იმისა, რომ ვიღაცამ შეიძლება, უცხოური გავლენა არაკეთილშობილური მიზნებისთვის გამოიყენოს. კანონის ხომ ვერ ჩაწერს დასავლეთს, ჩრდილოეთს, სამხრეთს, ამას ვერ ჩაწერს კანონი. ის უნდა იყოს ზოგადი. შეიძლება, იყოს სახელმწიფო, რომელსაც არ აქვს გამოცხადებული მტრული მიზნები, მაგალითად, არ აქვს ოკუპირებული ტერიტორიები, მაგრამ მასაც შეიძლება, ამოძრავებდეს სუვერენიტეტში შეჭრის ინტერესი, ეს ჩვეულებრივი ამბავია. აქ ხომ არანაირი შეზღუდვა არ წესდება, მოსახლეობისთვის გამჭვირვალე ხდება ინფორმაცია, მათ უნდა იმსჯელონ ამაზე“, – განაცხადა კობახიძემ.