"The Manila Times"-ი აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის ფილიპინების რესპუბლიკაში ვიზიტთან დაკავშირებით სტატიას აქვეყნებს. ინფორმაციას აჭარის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, თორნიკე რიჟვაძე საქართველოს ტურისტული და საინვესტიციო პოტენციალის პოპულარიზაციის მიზნით ფილიპინების რესპუბლიკაში იმყოფება, ნათქვამია სტატიაში.
თორნიკე რიჟვაძე "The Manila Times''-თან აცხადებს, რომ საქართველოს განიხილავს, როგორც ევროპის კარიბჭეს და იმედს გამოთქვამს, რომ ფილიპინების რესპუბლიკა იქნება საქართველოს ხიდი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციასთან.
"ჩვენ განვიხილავთ ქვეყნების დაკავშირების სხვადასხვა ვარიანტს. ეს შეიძლება იყოს ფრენები, რაც უფრო ეფექტიანი იქნება“, - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.
სტატიაში აჭარის მთავრობის მეთაურმა საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკისა და ლიბერალური საგადასახადო რეჟიმის შესახებაც ისაუბრა, რაც მისი თქმით უცხოური ინვესტიციების მოზიდვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განმაპირობებელი ფაქტორია.
"ჩვენ კარგი მდგომარეობა გვაქვს საერთო ეფექტურობის კუთხით და გაგვაჩნია საკმაო რესურსიც, როცა საქმე ეხება შრომას და კვალიფიციურ პერსონალს. გვსურს უფრო მოქნილი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობა ვაწარმოოთ ფილიპინებთან და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიასთან. ასევე, გვსურს მოვიწვიოთ ფილიპინელი ინვესტორები ჩვენს ქვეყანაში ინსვესტიციების განსახორციელებლად", - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ "The Manila Times''- თან საუბრისას.