5 ივლისის საქმეზე დაკავებულებს სასჯელი შეუმსუბუქდათ

16 იანვარი 2023, 18:00 632 ნახვა

ჟურნალისტებისა და ოპერატორების, მათ შორის, „ტვ პირველის“ ოპერატორის ლექსო ლაშქარავას მიმართ განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობაში მსჯავრდებულები თბილისის სააპელაციო სასამართლომაც დამნაშავედ ცნო, თუმცა ძალადობის ორგანიზებაში ყველა მათგანი უდანაშაულოდ მიიჩნია.

აღნიშნული გადაწყვეტილებით მოსამართლე მაია თეთრაულმა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ნაწილობრივ შეცვალა და მსჯავრდებულებს სასჯელიც შეუმცირა.

კერძოდ, მოსამართლემ მსჯავრდებულები სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით, რაც ძალადობის ორგანიზებას გულისხმობს, გაამართლა, თუმცა სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის მუხლით დამნაშავედ ცნო.

შესაბამისად, აკაკი ნაკაშიძეს, თორნიკე დავლაშერიძეს, დავით კუტალაძეს, ოთარ გელაშვილს, ცოტნე ჩიხლაძეს და გია გიგუაშვილს 4-4-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ცოტნე ჩიხლაძის მიმართ პროკურატურა სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის მუხლის 137-ე მუხლით, სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებით გადაკვალიფიცირებას მოითხოვდა, თუმცა საქმეში ექსპერტიზის დასკვნა ამ დრომდე წარმოდგენილი არ არის, რის გამოც პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება უცვლელი დარჩა.

ჩიხლაძეს ლექსო ლაშქარავასა და მირანდა ბაღათურიას მიმართ განხორციელებული ძალადობის გარდა, საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორის ილიკო თვალიაშვილის მიმართ სხეულის მძიმე დაზიანებასაც ედავებოდნენ.

სწორედ აღნიშნული მსჯავრდებულის მიმართ ითხოვდა პროკურატურა ილიკო თვალიაშვილის ჩვენებისა და საქმეში წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის საფუძველზე სასჯელის დამძიმებას.

დაკავებული პირებიდან ბრალს ამ დრომდე არც ერთი აღიარებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი