მთავრობის პასუხისმგებლობაა, უზრუნველყოს სააკაშვილის უფლებების დაცვა - კელი დეგნანი

09 დეკემბერი 2022, 11:38 620 ნახვა

საქართველოში აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის განცხადებით, აშშ ყურადღებით ადევნებს თვალს მიხეილ სააკაშვილის საქმეს.

დეგნანის თქმით, მთავრობის პასუხისმგებლობაა, უზრუნვლეყოს, რომ დაცული იყოს სააკაშვილის ჯანმრთელობა და მისი უფლებები, მათ შორის სამართლიანი სასამართლოს უფლება.

„აშშ დიდი ყურადღებით ადევნებს თვალს სააკაშვილის საქმეს. ჩვენ რეალურად ვაქებთ ომბუდსმენის ოფისის მიერ შესრულებულ სამუშაოებს, ეს ნამდვილად იყო სამაგალითო სამუშაო, როდესაც მონიტორინგს უწევდნენ მის სიტუაციას და უზრუნველყოფდნენ, რომ სააკაშვილის უფლებები დაცულია.

ომბუდსმენის ოფისის წარმომადგენლები სააკაშვილს კვირაში ორჯერ სტუმრობდნენ უკანასკნელ კვირაში. საბოლოო ჯამში, მთავრობის პასუხისმგებლობაა, უზრუნველყოს, რომ ბატონი სააკაშვილის ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობა დაცულია, რომ მისი სამედიცინო საჭიროებები დაკმაყოფილებულია და მისი უფლებები დაცულია, მათ შორის სამართლიანი სასამართლოს უფლება. ჩვენ ველოდებით იმის ნახვას, რომ ეს საკონსტიტუციო ვალდებულება და პასუხისმგებლობა დაცულია“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

მისივე შეფასებით, ქართველი ხალხი როდესაც გულუხვ ჰუმანიტარულ მხარდაჭერას უცხადებს უკრაინელ ხალხს, რომელიც იბრძვის საკუთარი ქვეყნისთვის და იდენტობისთვის, ვფიქრობ, უკვე ცხადია, რომელ მხარეს დგას ქართველი ხალხი.

„ჩემი აზრით, ცხადია, ვის მხარეს დგას ქართველი ხალხი და ეს არის სოლიდარობა უკრაინელი ხალხის მიმართ. უკრაინა იბრძვის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის, იბრძვის ქვეყნად არსებობისთვის, ხალხის იდენტობისთვის. ეს არის ის ყველაფერი, რაც ქართველებმა ძალიან კარგად და ღრმად იციან საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე, როდესაც რუსეთი ცდილობდა თქვენი იდენტობისა და ტერიტორიის, სუვერენიტეტის წართმევას. ქართველი ხალხი როდესაც თავის გულუხვ ჰუმანიტარულ მხარდაჭერას უცხადებს უკრაინელ ხალხს, რომელიც იბრძვის საკუთარი ქვეყნისთვის და იდენტობისთვის, ვფიქრობ, უკვე ცხადია, რომელ მხარეს დგას ქართველი ხალხი“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი