ჩამოვედით ძალიან მკაფიო მიზნით, დაგეხმაროთ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებაში - ოლივერ ვარჰეი 

15 ნოემბერი 2022, 14:34 552 ნახვა

საქართველომ ძალიან მკაფიოდ დაგვანახა, რომ მხოლოდ ევროკავშირში გაწევრიანება არის საქართველოს ძლიერი და მყარი მიზანი, ამისთვის კი საჭიროა გრძელვადიანი სტაბილურობა და მშვიდობა - ამის შესახებ, გაფართოებისა და სამეზობლო საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ის ჩამოვიდა ძალიან მკაფიო მიზნით, რომ დაგეხმარონ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებაში.

„მე ძალიან მიხარია, რომ დავბრუნდი საქართველოში. მართალი რომ გითხრათ, ვხედავ უკვე განვითარებას. ეკონომიკა ჰყვავის, ქალაქში გავიარე და ყველასთვის თვალსაჩინოა, რომ ბოლო წლის განმავლობაში, ეკონომიკის განვითარება სახეზეა, საქართველოში არსებობს პროგრესი, წინსვლა შეიმჩნევა ეკონომიკაში და მე ჩამოვედი როგორც ევროკომისარი გაფართოებისა და სამეზობლო საკითხებში. პირველად ჩამოვედი ამ რანგში არა მხოლოდ სამეზობლო პოლიტიკის, არამედ გაფართოების მანდატითაც. ორივე მიმართულება მნიშვნელოვანია, რადგან მიმაჩნია, რომ ამ სირთულეების პერიოდში, რომელიც ორივეს გვიდგას წინ და ამ ახალი გეოპოლიტიკური წნეხის და პერიოდის პროცესში, საქართველომ ძალიან მკაფიოდ დაგვანახა, რომ მხოლოდ ევროკავშირში გაწევრიანება არის საქართველოს ძლიერი და მყარი მიზანი, ამისთვის კი საჭიროა გრძელვადიანი სტაბილურობა და მშვიდობა. ჩვენ შევისმინეთ ეს გზავნილი და ჩამოვედი საქართველოში არა მხოლოდ იმის სათქმელად, რომ გავიგეთ ეს გზავნილი, არამედ იმისთვის, რომ მოგახსენოთ, მზად ვართ, შევასრულოთ ეს თხოვნა.

 

ვხედავთ, რომ საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი მხარს უჭერს ევროკავშირში გაწევრიანებას. ეს არის ძალიან ძლიერი მანდატი არა მხოლოდ მთვარობისთვის, არამედ მთელი პოლიტიკური ელიტისთვის საქართველოში. და ყველა, ვინც აქტიურია და მუშაობს ამ საკითხებზე, მას ეხება. ამიტომ დღეს აქ ჩამოვედით ძალიან მკაფიო მიზნით. გვინდა დაგეხმაროთ საქართველოს მოსამზადებლად, დაგეხმაროთ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებაში. ამ მიმართულებით გვინდა, რომ ერთად ვიაროთ წინ“, – განაცხადა ოლივერ ვარჰეიმ.

მისივე განცხადებით, დაეხმარებიან საქართველოს  სირთულეების დაძლევაში, რომელიც რუსეთის აგრესიის საფუძველზე არსებობს.

„როდესაც საქართველოში ხარ, ვერ ასცდები საუბარს იმაზე, რომ ტერიტორიული მთლიანობა არის დარღვეული. ომი უკრაინაში ცხადყოფს, როგორც აქ, საქართველოში აჩვენებდა 2008 წლის ომი, რომ მხარი უნდა დავუჭიროთ ყველა ქვეყანას, რომელსაც რუსეთის აგრესია ხვდება წინ. ამიტომ, კვლავ მინდა ხაზი გავუსვა ჩემს გზავნილს, რომ ჩვენ ვდგავართ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის გვერდით და გავაგრძელებთ მუშაობას ამ მიმართულებით. ჩვენ რა თქმა უნდა, დავეხმარებით საქართველოს სირთულეების დაძლევაში, რომელიც ამ აგრესიის საფუძველზე არსებობს“, – განაცხადა ოლივერ ვარჰეიმ.

ევროკომისარის განცხადებით, მომდევნო კვირეების და თვეების განმავლობაში საქართველოს მოუწევს დიდი ჯაფის გაწევა, რათა აჩვენოს, რომ მზად არის, გახდეს კანდიდატი.

ოლივერ ვარჰეიმ აღნიშნა, რომ ეს სურვილი მხოლოდ იმ შემთხვევაში ახდება, თუ მთელი ქვეყანა, მთელი საქართველო, ყველა ქართველი ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ, იმუშავებს ამ მიზნისთვის.

„დარწმუნებული ვარ, ისტორია არასდროს იძლევა იგივე შანს ორჯერ. ამიტომ უნდა ვსტაცოთ ამ შესაძლებლობას ხელი და გავხადოთ რეალობად. ამის გასაკეთებლად გვჭირდება 12 პრიორიტეტის შესრულება. ჩვენ გვჭირდება ამ მიმართულებით კარგი ისტორიის ჩვენება, მახარებს, რომ ვხედავ აქეთ გადადგმულ ნაბიჯებს, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, შემოთავაზებები კეთდება და მზადდება პარლამენტში. ვხედავ, საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს ამ საქმის შესრულებაზე, რათა 12-ვე პრიორიტეტი შესრულდეს.

 

უკვე ვხედავთ, პოზიტიურ ძვრებს სასამართლო სისტემის რეფორმის მიმართულებით, ვხედავთ წინსვლას კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით, სადაც საქართველო არის მოწინავე ქვეყანა.  საერთაშორისო გამჭვირვალობის ინფორმაციით, საქართველოს პოზიტიურ პრაქტიკა გააჩნია ამ მიმართულებით და სხვა ევროპულ ქვეყნებთან შედარებით, საკმაოდ წინ არის, თუმცა მოგვიწევს ბევრი მუშაობა, რათა ანტიკორუფციული სააგენტო იყოს სრულად დამოუკიდებელი, გჭირდება კანონი დეოლიგარქიზაციის შესახებ. მესმის, რომ დაიწყო ამ მიმართულებით მუშაობა და რა თქმა უნდა, გჭირდება ნაბიჯები, რომ გააქტიურდეს ბრძოლა ორგანიზებულ დანაშაულთან. დანარჩენი თქვენ კარგად მოგეხსენებათ, 12-დან რა პუნქტები მაქვს მხედველობაში. საქართველო რაც უფრო სწრაფად შეასრულებს ამ 12-ვე პრიორიტეტს, მით უფრო სწრაფად წაიწევს გზაზე ევროპისკენ"- განაცხადა ევროკომისარმა.

გაფართოებისა და სამეზობლო საკითხებში ევროკომისრის ოლივერ ვარჰეის საქართველოში ვიზიტი დღეიდან დაიწყო. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, ევროკომისარი შეხვედრებს გამართავს საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირებთან.

ოლივერ ვარჰეი შეხვდება პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსაც.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი