მოძრაობა „ხალხის ძალას“ კიდევ ხუთი დეპუტატი შეუერთდა

04 ოქტომბერი 2022, 11:13 1410 ნახვა

მოძრაობა „ხალხის ძალას“ „ქართული ოცნების“ კიდევ ხუთი დეპუტატი, ეკა სეფაშვილი, ვიქტორ ჯაფარიძე, დავით კაჭარავა, დაჩი ბერაია და ზაალ მიქელაძე შეუერთდა. აღნიშნულის შესახებ დღევანდელ ბრიფინგზე მოძრაობის წევრმა სოზარ სუბარმა განაცხადა.

„ფართოვდება მოძრაობის საპარლამენტო შემადგენლობა. ჩვენ საპარლამენტო გუნდს დაემატება 5 პარლამენტარი: ეკა სეფაშვილი, ვიქტორ ჯაფარიძე, დავით კაჭარავა, დაჩი ბერაია და ზაალ მიქელაძე. მთლიანობაში ჩვენი მოძრაობა საქართველოს პარლამენტში 9 დეპუტატით იქნება წარმოდგენილი, რაც ნიშნავს რომ საკანონმდებლო ორგანოში ჩვენ გვეყოლება რიცხოვნებით მესამე პოლიტიკური ჯგუფი“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

მისივე განცხადებით, საზოგადოებრივ მოძრაობას ასევე შეუერთდნენ საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი ექსპერტები.

სოზარ სუბარის თქმით, ისინი რჩებიან უმრავლესობის წევრებად, თუმცა მათ გარეშე უმრავლესობა უკვე აღარ არსებობს.

"უმრავლესობას რაც შეეხება, „ხალხის ძალის“ გარეშე უმრავლესობა უკვე აღარ არსებობს, რადგან „ქართულ ოცნებაში“ დარჩა 75 დეპუტატი. „ქართული ოცნების“ ფრაქციას აღარ აქვს უმრავლესობა „ხალხის ძალის“ გარეშე. ჩვენ ვრჩებით უმრავლესობის წევრებად, თუმცა ჩვენ გარეშე უმრავლესობა უკვე აღარ არსებობს. როცა ოთხი წევრი ვიყავით „ხალხის ძალაში“, მაშინ ჩვენ გარეშე უმრავლესობა არსებობდა. დღეს უკვე ჩვენ გარეშე უმრავლესობა აღარ არსებობს, მაგრამ ჩვენ ვრჩებით უმრავლესობაში“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

მისივე თქმით, ვიქტორ ჯაფარიძემ, ტელეკომპანია POS TV-ის წილების 52% შეიძინა, რაც ხელს შეუწყობთ სათქმელი საზოგადოებამდე კიდევ უფრო ფართოდ მიიტანონ.

"ჩვენი მოძრაობის წევრმა ვიქტორ ჯაფარიძემ შეიძინა ტელევიზია „პოს ტვ“-ის წილების 52%. აღნიშნული გარემოება ხელს შეგვიწყობს სათქმელის საზოგადოებამდე კიდევ უფრო ფართოდ მივიტანოთ. აღვნიშნავთ კიდევ ერთხელ, რომ დღევანდელ ურთულეს გარემოში საქართველოს წარმატებით უზრუნველყოფისა და ქვეყნისთვის საფრთხეების თავიდან აცილების ერთადერთ გზად საზოგადოების სიმართლით აღჭურვა გვესახება. გვჯერა, რომ სიმართლით აღჭურვილ ხალხის ძალას ქვეყნის ინტერესების დაცვის საქმეში წინ ვეღარაფერი აღუდგება“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

სიმონ შანავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი