საქართველოსა და ავსტრიას შორის არსებული მჭიდრო პარტნიორობა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები იყო მთავარი განსახილველი საკითხები პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და ავსტრიის რესპუბლიკის საპარლამენტო დელეგაციას შორის გამართულ შეხვედრაზე.
მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოსა და ავსტრიის რესპუბლიკას შორის არსებული პოტენციალი მაქსიმალურად უნდა იქნას გამოყენებული, მათ შორის, ეკონომიკის, ენერგეტიკის, ტურიზმის, სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვის, განათლების, კულტურისა და სხვა სფეროებში. აღინიშნა, რომ ამ მიმართულებით საპარლამენტო მხარდაჭერა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ყურადღება დაეთმო პრემიერ-მინისტრის ოფიციალურ ვიზიტს ავსტრიაში, რომელიც მიმდინარე წლის ივლისში შედგა და ითქვა, რომ ამ ვიზიტმა ორმხრივ ურთიერთობებს ახალი იმპულსი შესძინა.
ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა ავსტრიის ძლიერი პოლიტიკური მხარდაჭერის მნიშვნელობას საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების ყველა ეტაპზე და აღნიშნა, რომ ევროპული საბჭოს პრიორიტეტებზე ქვეყანა ინკლუზიურად მუშაობს, კერძოდ პროცესში ჩართულია როგორც მთავრობა და პარლამენტი, ისე ოპოზიციური პარტიები და სამოქალაქო საზოგადოება.
საუბარი შეეხო ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADA) მნიშვნელოვან წვლილს საქართველოში ამბიციური რეფორმების დღის წესრიგის განხორციელებასა და ევროკავშირთან კიდევ უფრო მეტად დაახლოებაში.
ყურადღება დაეთმო ასოცირების დღის წესრიგის წარმატებით განხორციელებას და შავი ზღვის კავშირის გაძლიერებაზე მუშაობას, რომელიც ითქვა, რომ საქართველოსა და ევროკავშირის საერთო მიზანია.