საქართველოს 3 000-ზე მეტ მოქალაქეს ევროპის ქვეყნებში შესვლა შეეზღუდა - შსს

12 სექტემბერი 2022, 14:26 1925 ნახვა

საქართველოს 3 000-ზე მეტ მოქალაქეს ევროპის ქვეყნებში შესვლა უკვე შეეზღუდა - ამის შესახებ  საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე განმარტებით, თითოეული მოქალაქის ვალია, უვიზო მიმოსვლის მონაპოვარს მაქსიმალურად გაუფრთხილდეს.

რა თქმა უნდა, საქართველოს სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ის მონაპოვარი, რაც ჩვენმა ქვეყანამ უვიზო მიმოსვლის მიმართულებით მიიღო, მაქსიმალურად იქნას შენარჩუნებული, რომ რაიმე კითხვის ნიშანი ამ კუთხით არ არსებობდეს.

"რაც შეეხება გადადგმულ ნაბიჯებს - პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში ატაშეების ქსელი გავაფართოვეთ და შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის ატაშეები უკვე 19 ქვეყანას ფარავს. ასევე, კრიმინალიზებული გახდა ორგანიზებულად საქართველოდან პირის, მიგრანტის გაყვანა იმისათვის, რომ ვთქვათ, ევროპაში უსაფუძვლოდ დარჩეს და გარკვეული ტიპის ბენეფიტები მიიღოს.

ჩვენ აეროპორტებში გასვლის კონტროლის სისტემა ავამოქმედეთ, რაც გულისხმობს, რომ ჩვენი ოფიცრები ადგილზევე ამოწმებენ იმ საბუთებს, რაც ევროპის აეროპორტებში უნდა შემოწმდეს და თუ ადგილი აქვს დარღვევას დოკუმენტებში, ანუ, პირს გარკვეული აკრძალვები აქვს, ბუნებრივია, მისი რეისიდან მოხსნა ხდება და მისი გამგზავრება ევროპაში აღარ ხორციელდება. 3 000-ზე მეტ მოქალაქეს ევროპის ქვეყნებში შესვლა უკვე შეეზღუდა.

გარდა ამისა, აქტიურად ვთანამშრომლობთ „ფრონტექსთან“ და „ფრონტექსის“ ოფიცრები ჩვენს აეროპორტებში, ჩვენს კოლეგებთან ერთად აქტიურად მუშაობენ იმისათვის, რომ ნებისმიერ ტიპის ხარვეზი, თუ ასეთი იქნება და არსებობს ეჭვები, რომ შესაძლოა, პირი იმ სიკეთეებს, რაზეც საუბარი იყო, არასწორი მიზნებისათვის იყენებდეს, დროულად გამოსწორდეს“, - განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.

ასევე აღნიშნა, რომ  საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიგრაცია და მათი მხრიდან თავშესაფრის მოთხოვნაზე მიმართვა ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად გაიზარდა.

"კონფლიქტებიდან გამომდინარე, მომართვები განსაკუთრებით ბოლო პერიოდში გაიზარდა. რა თქმა უნდა, უკრაინიდან გვაქვს მომართვიანობის ზრდა. ასევე მოგეხსენებათ, რომ ავღანეთის კრიზისი იყო და შესაბამისად, მომართვებმა ასევე, სხვადასხვა კონფლიქტური რეგიონიდან მოიმატა. ცდილობენ მოქალაქეები საქართველოში შემოსვლას და თავშესაფრის მიღებას. გარდა ამისა, სამწუხაროდ, გვაქვს დაუსაბუთებელი თავშესაფრის მოთხოვნის ზრდა. ძირითადად, აფრიკის ქვეყნებიდან, აზიის გარკვეული სახელმწიფოებიდან. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ თითოეული მათი მოთხოვნა დროულად განვიხილოთ და სწრაფადვე იქნას გაცემული პასუხი, თუმცა, რა თქმა უნდა, ზრდა ამ მიმართულებით არის და ჩვენ ამ ეტაპზე იმ მოთხოვნებს ვუმკლავდებით, რაც არის“, - განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი