საქართველოსა და თურქეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაში ცვლილებები გაფორმდა

09 სექტემბერი 2022, 17:59 1135 ნახვა

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა და თურქეთის ვაჭრობის მინისტრმა მეჰმეთ მუშმა ხელი მოაწერეს ცვლილებებს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაში საქართველოსა და თურქეთს შორის. ხელმოწერა საქართველოს, თურქეთსა და ევროკავშირს შორის დიაგონალური კუმულაციისადმი მიძღვნილ ფორუმზე შედგა.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ხელმოწერა საქართველოს, თურქეთსა და ევროკავშირს შორის დიაგონალური კუმულაციისადმი მიძღვნილ ფორუმზე შედგა

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ცვლილებები შეეხება სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის სატარიფო ლიბერალიზაციას და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაში მომსახურების სექტორის დამატებას. კერძოდ, საქართველო მიიღებს ქვოტის ფარგლებში შეღავათებს იმ სახის პროდუქციებზე, რომლებზეც საქართველოდან თურქეთში პროდუქციის ექსპორტისას შეღავათი არ ვრცელდებოდა. დღეს გაფორმებული გადაწყვეტილების ამოქმედების შემდგომ კი საქართველოდან თურქეთში ექსპორტისასქვოტის ფარგლებში ნულოვანი ტარიფით შესვლის შესაძლებლობა მიეცა ისეთ სასაქონლო პოზიციებს, როგორიცაა: ცოცხალი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, საქონლის ხორცი, მწვანე ჩაი, ხილის ჩირი, კივი, ლიმონი, დაკონსერვებული პომიდორი და საკვები ინგრედიენტები. აქვე აღსანიშნავია, რომ ამავე გადაწყვეტილების შესაბამისად თურქეთის მხრიდან ქვოტები ასევე გაიზარდა შემდეგ პროდუქციაზე: თაფლი, ვაშლი და ღვინო.

საქართველო-თურქეთის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება ძალაში შევიდა 2008 წლის პირველი ნოემბრიდან და იმ პერიოდისთვის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებების გაფორმების ფორმატიდან გამომდინარე გავრცელდა მხოლოდ საქონლით ვაჭრობაზე. 2016 წლიდან მიმდინარეობდა მუშაობა თურქულ მხარესთან, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაში ტარიფების ნაწილში ცვლილებების შეტანისა და შეთანხმებაში მომსახურების სექტორის დამატების საკითხებზე.

როგორც ეკონომიკის სამინისტროში აღნიშნავენ, დღეს გაფორმებული ხელშეკრულებები კიდევ ერთი წარმატებული ნაბიჯია საქართველო-თურქეთს შორის სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების კუთხით, ისინი ასევე აძლევენ საქართველოს საშუალებას, ორმხრივად განავითაროს მომსახურების სექტორი და ისარგებლოს საქართველო-თურქეთის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაში ტარიფების ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით არსებული დისბალანსის შემცირებით.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი