აჭარის მაუწყებლის თანამშრომლებმა საგაფიცვო პროცედურები დაიწყეს - დოკუმენტი ამ წუთებში შევიდა

02 მარტი 2020, 17:41 2666 ნახვა

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ალტერნატიული პროფკავშირის წევრები საგაფიცვო რეჟიმზე გადავიდნენ. პროფკავშირების წარმომადგენლებმა საბუთები ადმინისტრაციას უკვე ჩააბარეს. ხვალიდან, ჯანდაცვის სამინისტროს ჩართულობით, მედიაციის პროცესი უნდა დაიწყოს, რაც იმას ნიშნავს, რომ ალტერნატიული პროფკავშირების მოთხოვნების შესრულებაზე მხარეები მოლაპარაკებებში უნდა ჩაერთონ. 

თუ მოლაპარაკებები არ შედგება, მაუწყებლის თანამშრომლებს 21 დღის შემდეგ გაფიცვის უფლება  წარმოეშვებათ. 

რას ითხოვს ალტერნატიული პროფკავშირი? 

აჭარის მაუწყებლის ალტერნატიული პროფკავშირის ხელმძღვანელი მალხაზ რეხვიაშვილი ამბობს, რომ პროფკავშირის წევრებ ოთხი მოთხოვნა აქვთ, თუმცა უმთავრესი სარედაქციო დამოუკიდებლობასთან დაკავშირებული საკითხებია. უპირველესი იმ სტატუს-ქვოს აღდგენა, ვიდრე მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი გაათავისუფლებდნენ, მისი მოადგილის შტატს კი გააუქმებდნენ.  

„პირველი არის სტატუს-ქვოს აღდგენა, მეორე უმთავრესი საკითხია სარედაქციო დამოუკიდებლობის გარანტიები, მესამე კი შრომითი უფლებები, რომელიც სარედაქციო დამოუკიდებლობასთანაა გადაჯაჭვული. ადამიანებმა, რომლებიც ქმნიან მაუწყებელს, უნდა იგრძნონ თავი დაცულად და არ ჰქონდეთ იმის შიში, რომ საინფორმაციო პოლიტიკა შეიცვლება ან შეუცვლიან შრომით ხელშეკრულებას.  მეოთხე არის სტრატეგიული ხედვა იმის შესახებ, თუ როგორ უნდა განვითარდეს მაუწყებელი და როგორ უნდა იმართებოდეს. ამ ვითარებაში მენეჯმენტსაც კი არა აქვს წარმოდგენა, მაგალითად, მომავალ წელს მაუწყებელი როგორი უნდა იყოს. საით მიდის მაუწყებელი, არავინ იცის" - განაცხადა ალტერნატიული პროფკავშირის ხელმძღვანელმა. 

აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში ალტერნატიული პროფკავშირი ერთი თვის წინ შეიქმნა და მასში 90-მდე თანამშრომელია გაწევრიანებული. 

ჟურნალისტები უკვე მესამე თვეა ამბობენ, რომ ახლადარჩეულ დირექტორს, რომელი მმართველი გუნდის მიერ დაკომპლექტებულმა მრჩეველთა საბჭოს სამმა წევრმა აირჩია, წინასაარჩევნოდ კრიტიკული საინფორმაციო პოლიტიკის შეცვლა და  "პროსახელისუფლებო  ტრენდზე გადაყვანა" სურს. 

ჟურნალისტები ჯერ კიდევ ერთი თვის წინ პროგნოზირებდნენ იმას, რომ საინფორმაციო სამსახურის უფროსს და მის მოადგილეს ჩამოაშორებდნენ ახალ ამბებს. დირექტორისა და მრჩევლების განცხადებების მიუხედავად, ორ კვირაში აჭარის მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკაზე პასუხისმგებელ პირებს ხელშეკრულებები შეუცვალეს და ახალ ამბებს ჩამოაშორეს. 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში