''მერიის მაღალჩინოსნების'' საქმეზე ახალი გარემოებების გასაცნობად მოსამართლემ დრო ითხოვა 

11 ოქტომბერი 2019, 17:24 1729 ნახვა

''მერიის მაღალჩინოსნების'' საქმეზე ახალი გარემოებებისა და დოკუმენტაციის გასაცნობად მოსამართლემ დრო ითხოვა. დავით მამისეიშვილმა სხდომა სამშაბათამდე გადადო. მორიგი პროცესი 15 ოქტომბერს გაიმართება და ცნობილი გახდება დატოვებენ თუ არა საპატიმროს ბათუმის ყოფილი მერი გიორგი ერმაკოვი, ასევე არჩილ ვანაძე და ერგარსლან ლომაძე. 

დღეს ადვოკატმა თქვა, რომ სასამართლოს მერიასთან გაფორმებული ხელშკრულება წარუდგინა, რომლის მიხედვითაც გიორგი ერმაკოვის დედის და არჩილ ვანაძის მამის ქონება დაყადაღდება. გამამტყუნებელი განაჩენის შემთხვევაში, კი ზიანი ჩადებული ქონებიდან ანაზღაურდება. 

პროკურორი რამაზ შავაძე ითხოვდა წარმოდგენილი შუამდგომლობა მომავალ სხდომამდე არ განეხილათ. 

მოსამართლემ წინა სხდომაზე პატიმრობაში დარჩენილ პირებს მიმართა, რომ ისინი ზიანის ანაზღაურებაზე მერიას უნდა შეუთანხმდნენ. ბათუმის მერიის 4 მაღალჩინოსანი ბაგრატ მანველიძე, თენგიზ პეტრიძე,  ნუკრი ხინთიბიძე და  ბექა ხალვაში ბათუმის საქალაქო სასამართლომ 24 სექტემბერს გაათავისუფლა. გიორგი ერმაკოვი, არჩილ  ვანაძე, ეგარსლან ლომაძე კი პატიმრობაში დატოვა. 

ბათუმის მერიის ყოფილი და მოქმედი 7 მაღალჩინოსანი, სამართალდამცველებმა 30 მაისს, სპეცოპერაციით დააკავეს. მათ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი ფულადი თანხის მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვის და სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებას ედავებიან.  ბრალდებულებს შორის არის ბათუმის ყოფილი მერი გიორგი ერმაკოვი, აჭარის განათლების მინისტრის მოადგილე ბაგრატ მანველიძე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, არჩილ ვანაძე.

წინა პროცესზე, რომელიც 20 სექტემბერს გაიმართა, მოწმეები დაკითხეს. მანამდე კი, შეკითხვებს აუდიტის სამსახურის თანამშრომლებმა უპასუხეს. 

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში