იაფი სახლის ხელშეკრულების გაფორმების წინააღმდეგი ვიყავი, რისკები დავინახე - მერიის თანამშრომელი

20 სექტემბერი 2019, 14:37 3756 ნახვა

იაფი სახლის ხელშეკრულების გაფორმების წინააღმდეგი ვიყავი, რადგან რისკები დავინახე - თქვა სასამართლო პროცესზე ბათუმის მერიის ადმინისტრაციის უფროსმა. ნუკრი დეკანაძე დღეს ''იაფი სახლის'' საქმეზე, მოწმის სტატუსით იკითხება. 

საქმის პროკურორმა თავდაპირველად დეკანაძის გამოკითხვის ოქმი საჯაროდ წაიკითხა, შემდეგ კი, მოწმემ შეკითხვებსაც უპასუხა. 

ნუკრი დეკანაძე ამბობს, რომ კომისიის შეხვედრებს ესწრებოდა, სადაც იაფი სახლის ტენდერის საკითხი განიხილებოდა. მოყვა, როგორ ჩავარდა ერთხელ ტენდერი და მეორე შემთხვევაში კი, „კონვენტ ჯორჯიამ“ გაიმარჯვა. 

მერიის ადმინისტრაციის უფროსის ფიქრობდა, რომ პროექტის დასრულების შემდეგ, შესაძლოა, გართულებას ეჩინა თავი. საფრთხე დაინახა ბინების განაწილების პროცესშიც.  ასევე იყო კიდევ ერთი დეტალი, დეკანაძის თქმით, საბანკო გარანტია ფორმალურად აკმაყოფილებდა კომისიის მიერ დადგენილ პირობებს, დავის წარმოშობის შემთხვევაში კი, საქმე ლონდონის სასამართლოს უნდა განეხილა, რადგან ''კონვენტ ჯორჯიამ“ მერიაში საავანსო ანგარიშსწორებისთვის, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში რეგისტრირებული POINT BANK Ltd-ის მიერ გაცემული გარანტია წარმოადგინა. 

მოწმის თქმით, ბანკის რეიტინგი არჩილ ვანაძემ გადაამოწმა და დაადგინა, რომ მას გარანტიები არ ჰქონდა. ​ დეკანაძე იხსენებს, რომ ვანაძემ ინფორმაცია კომისიის წევრებს შეხვედრაზე გააცნო.

პროკურორის კითხვაზე: გაითვალისწინეს თუ არა რეკომენდაციები ხელშეკრულების გაფორმების დროს? ნუკრი დეკანაძემ თქვა, რომ კი, რადგან სპეციალური ანგარიში შეიქმნა. ეს იყო ერთგვარი მექანიზმი, რომ თანხები არამიზნობრივად არ გახარჯულიყო. სხვა დეტალებზე ინფორმაცია არ აქვს, რადგან ხელშეკრულების მოწერის პროცესში არ მონაწილეობდა.

პროკურორი: რატომ შეიქმნა სპეცანგარიში?

მოწმე: ეს ჩემი, როგორც იურისტის პოზიცია იყო, დამატებითი დაცვის მექანიზმის შექმნის მიზნით ვითხოვე. 

მერიის მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესი ამ წუთებშიც მიმდინარეობს. 

სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი ფულადი თანხის მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვის და სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენების ფაქტებზე, 7 პირი 30 მაისს დააკავეს.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში