ირაკლი ოქრუაშვილი ''რუსთავი 2''-ის საქმეზე ქიბარ ხალვაშს სასამართლოში უჩივლებს

19 ივლისი 2019, 11:27 2440 ნახვა

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი რუსთავი 2-ის საქმეზე ქიბარ ხალვაშს სასამართლოში უჩივლებს. პოლიტიკური მოძრაობის წარმომადგენლები ამბობენ, რომ სარჩელს ოფიციალურად მომდევნო კვირაში შეიტანენ. 

პოლიტიკური მოძრაობა ''გამარჯვებული საქართველოს'' ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ანა რეხვიაშვილმა დღეს, 19 ივლისს, ჟურნალისტებს უთხრა, რომ ტელეკომპანიაზე ყადაღის დადების მოთხოვნით  სასამართლოს მიმართეს. 

''სარჩელი შევა მომდევნო კვირაში და ეს სარჩელი უკვე იქნება მოთხოვნა, რომ ტელეკომპანია გადაეცეს ირაკლი ოქრუაშვილს. საზოგადებას შევახსენებ, ამის საფუძველი არის შეთანხმება ირაკლი ოქრუაშვილსა და ქიბარ ხალვაშს შორის, რომელიც დაიდო 2010 წელს. აქ არის ყველა მტკიცებულება, რომ ჩვენ დავიბრუნოთ ეს ქონება. 2004 წელს ირაკლი ოქრუაშვილმა შეიძინა 100%-იანი წილი ტელევიზიის. ყველას ახსოვს, რომ ქიბარ ხალვაში იყო მისი ახლო და მხარდამჭერი პირი. ამიტომ ბუნებრივია წილები მას გადაუფორმა, თანხის მიღების გარეშე. საუბრობენ იმაზე, რომ დოკუმენტზე ყალბი ხელმოწერაა. 

პაატა სალია რა თქმა უნდა ტყუის და მე ამას გიდასტურებთ. ვინაიდან არსებობს დადასტურებული მტკიცებულება, სამი ექსპერტიზა, მათ შორის არის პარიზის სააპელაციო სასამართლოს ექსპერტიზა, რომ ეს არის ნამდვილი. ასევე ჩანიშნულია სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში დამატებითი ექსპერტიზა. ბატონ ხალვაშს გაჰყავს დრო და იგი არ მიდის, არც ცხადდება  ბიუროში, რომ დატოვოს ხელმოწერის ნიმუშები. მაგრამ მას ეს მოუწევს'' - ამბობს ანა რეხვიაშვილი.  

ადვოკატის ინფორმაციით, მხარეებს შორის შეთანხმება არსებობდა, ოქრუაშვილის გარეშე ტელეკომპანიის გასხვისების შემთხვევაში ხალვაშსს მისთვის შვიდი მილიონი ლარი უნდა გადაეხადა.

2016 წელს ირაკლი ოქრუაშვილმა ''რუსთავი 2'-თან საუბარში განაცხადა, რომ ტელეკომპანიის წილი ქიბარ ხალვაშს არასდროს ეკუთვნოდა და მისი მფლობელი თავად იყო.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში