ბევრი მოვითმინეთ, მაგრამ ეს ის ადგილი არ აღმოჩნდა, სადაც ლუკმაპურს ვიშოვით - გარემოვაჭრეების აქცია

28 მაისი 2019, 12:48 2174 ნახვა

აჭარის მთავრობის ადმინისტრაციულ შენობასთან გარემოვაჭრეები არიან შეკრებილები და აქციას მართავენ. ამბობენ, რომ ძველი ავტოსადგურის შენობაში ხალხი საერთოდ არ მიდის, პროდუქციას ვერ ყიდიან და ლუკმა პურის გარეშე რჩებიან. 

ისინი დახმარებას აჭარის მთავრობას სთხოვენ და თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრა სურთ.  

''მოვითმინეთ ძალიან ბევრი, მაგრამ ეს ის ადგილი არ აღმოჩნდა, სადაც შეიძლება ლუკმა პური ვიშოვოთ და ოჯახი შევინახოთ. დღითი დღე უარესობისკენ მივდივართ. მოვითხოვთ შეგვხვდეს მთავრობა და შემოგვთავაზოს ადგილი, რომელიც ჩვენს საქმიანობას შეეფერება. არ გვინდა ისევ აქციები დაგვჭირდეს, ჩვენთვის ყოველი წუთი და წამი გადამწყვეტია. ბანკების დავალაინება გვაქვს, რომელსაც ვაჭრობის გარეშე ვერ გადავიხდით. თვითდასაქმებულებს მთავრობის გვერდში დგომა გვჭირდება'' - თქვა აქციაზე ერთ-ერთმა გარემოვაჭრემ. 

აქციის მონაწილეთა თქმით, ტერიტორია, რომელიც ავტოსადგურში გამოუყვეს, არარენტაბელურია. 

აჭარის მთავრობის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე ათობით სამართალდამცველი იმყოფება. 

აქციაზე ის მოქალაქეები იმყოფებიან, რომლებიც წერეთლის ქუჩაზე წლების განმავლობაში ვაჭრობდნენ. ბათუმის მერიამ კი, დაახლოებით 4  თვის წინ, ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაიყვანა.

27 იანვარს, "ბათუმი პლაზას" მიმდებარე ტერიტორია, 23 სკოლისა და მე-12 საბავშვო ბაღის წინ,  კუსტარულად დამონტაჟებული ხისა თუ რკინის კონსტრუქციები მოხსნეს. 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში