კომპანია ''ემ-ჯი-ემ''-ს მერიის ნებართვა არ აქვს, თუმცა სახლს დასანგრევად ამზადებს

16 ნოემბერი 2018, 00:00 4018 ნახვა

ბათუმში, გორგილაძის 116 ნომერთან, ტროტუარზე 9 ცალი რკინის ბოძი კომპანიამ უნებართვოდ დაამონტაჟა. სავარაუდოდ, კომპანია  ''ემ-ჯი-ემი''  სამშენებლო ჯებირის დადგას გეგმავ, რითაც სავალი ნაწილი სრულად იკეტება. 

ინვესტორმა ჯერ ძველი შენობა უნდა დაანგრიოს, მის ნაცვლად კი მრავალსართულიანი სახლის მშენებლობას გეგმავს. მერიას ნებართვის მოთხოვნით ერთი კვირის წინ მიმართა, თუმცა პასუხი არ მიუღია.

მიუხედავად იმისა, რომ ნებართვა არ აქვს ტერიტორიის მომზადება უკვე დაიწყო, შენობის დაცლა კი კიდევ უფრო ადრე მოხდა.  

ბათუმის მერიის მუნიციპალური სერვისების სააგენტოში აცხადებენ, რომ მონიტორინგის ჯგუფის წევრები ადგილზე დღეს დილით იმყოფებოდნენ. მათ კომპანიის წარმომადგენლებმა დოკუმენტაცია ვერ წარმოუდგინეს, რის გამოც კანონდამრღვევი სუბიექტი გააფრთხილეს და სამუშაოების შეჩერება მოსთხოვეს. 

"თუ კომპანია ნებართვას ვერ მიიღებს, არ არის გამორიცხული უკვე გაკეთებული ბოძების დემონტაჟი მოხდეს" - განმარტავენ სააგენტოში.

მერიაში ამბობენ, რომ მშენებლობის პროცესის მიმდინარეობისას, თუ ტერიტორია დროებითი ჯებირით იკეტება, კომპანია ვალდებულია ალტერნატიული გადასასვლელი ხიდი მოაწყოს ისე, რომ მოქალაქეების გადაადგილება შესაძლებელი იყოს. 

გორგილაძის 116 ნომერში, სადაც გასულ საუკუნეში ბრიტანულ ჯარებს ჰქონდათ ბინა ინგრევა. ოჯახების ნაწილი ინვესტორმა ქირით გაიყვანა. მათთან მოლაპარაკებები რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. სახლის დიდი ნაწილი დაცლილია და დანგრეულია. 

ორსართულიან კორპუსში, ამ ეტაპზე, მხოლოდ ორი ოჯახი რჩება, მოლაპარაკება აღნიშნულ პირებთანაც შედგა, თუმცა სახლის დანგრევამდე ისინი აქ რჩებიან. მათი ინფორმაციით იგეგმება მრავალსართულიანი სახლის მშენებლობა, სადაც ბინებს მიიღებენ.

სახლის ნგრევა კულტურული მემკვიდრეობის დამცველებმა გააპროტესტეს. საზოგადოება ბათომმა დიდი ბრიტანეთის საელჩოს წერილი მიწერა. 

 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი