ჩაქვის გვირაბში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა - გარდაიცვალა ორი ადამიანი

20 მაისი 2022, 11:02 24211 ნახვა

ქობულეთის შემოვლით გზაზე, გვირაბში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, გარდაიცვალა ორი ადამიანი. ერთმანეთს სატვირთო და მსუბუქი ავტომობილები შეეჯახნენ. 

ავარიის შემდეგ ორივე ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა. მსუბუქი ავტომობილი სრულად დაიწვა. 

სასწრაფო დახმარების ცენტრის ექიმებს, შემთხვევის ადგილზე ორი დაღუპული დახვდათ. დაშავებული იყო კიდევ ერთი პირი, რომელმაც სამედიცინო მომსახურებასა და კლინიკაში გადაყვანაზე უარი განაცხადა. 

შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. 

,,ცეცხლი დაჯახებისთანავე გაჩნდა. მანქანიდან გადმოსვლა ვერ მოახერხეს. მსუბუქი ავტომობილი ისე იყო დამწვარი, მარკის ამოცნობაც კი გართულდა. ერთი ავტომობილი ღამითვე გადავიყვანეთ სადგომზე, მეორე დღეს მიგვყავს. შემთხვევა ღამით, დაახლოებით 3 საათზე მოხდა'' - აცხადებს შპს “ბათ 23''–ის წარმომადგენელი ​გურამ ნიჟარაძე. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით დაიწყო, რაც  ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში