აჭარის მაუწყებლის მრჩეველებს ჰონორარი გაეზარდათ - ნატა იმედაიშვილის განმარტება

13 ივლისი 2019, 00:10 2815 ნახვა

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს ხელფასები გაიზარდა. საბჭოს 3 წევრის გადაწყვეტილებით, მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარის ხელფასი თვეში 3 300 ლარით იქნება, თავმჯდომარის მოადგილის — 3 100, ხოლო წევრების — 3 025. 

ანაზღაურება გაეზარდათ მრჩეველთა საბჭოს სამართლებლივი უზრუნველყოფისა და საქმის წარმოების მენეჯერებსაც. გადაწყვეტილება ძალაში 11 ივლისიდან შევიდა.

როგორც აჭარის მაუწყებლის საბჭოს თავმჯდომარე ნატა იმედაიშვილი ამბობს, რომ  მას ხელფასების მატებისთვის მხარი არ დაუჭერია. მისი თქმით, ანაზღაურების გაზრდის წინააღმდეგი იყო საბჭოს კიდევ ერთი წევრი გიორგი ირემაძე. 

ნატა იმედაიშვილი სოციალურ ქსელში მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას  გამოეხმაურა და დაწერა, რომ აპირებს კიდევ ერთხელ მოუწოდოს საბჭოს სამ წევრს გადახედონ მათ გადაწყვეტილებას. 

"საკითხი საბჭოს წევრმა გიგა ჩხარტიშვილმა დააყენა, რომელსაც მხარი დაუჭირა ირაკლი დარცმელიძემ და ბეჟან გობაძემ.  მიუხედავად იმისა, რომ მრჩეველთა ჰონორარების განაწილების საკითხის დაყენება და გადაწყვეტილება სრულიად კანონიერია, ამ საკითხს მე მხარი არ დავუჭირე. რაც დაფიქსირებულია სხდომის ოქმში.
მრჩეველთა საბჭომ 2019 წლის განვლილი თვეების განმავლობაში უარი თქვა კანონით განსაზღვრული ჰონორარების ზრდაზე. რადგანაც მაუწყებელში მწვავედ იდგა თანამშრომელთა მნიშვნელოვანი ნაწილის ანაზღაურების პრობლემა და ამ ფონზე, საბჭოს წევრების ჰონორარის თუნდაც კანონიერ ზრდაზე მსჯელობა, უადგილოდ მივიჩნიეთ.

ბოლო დროს ნაწილობრივ მოგვარებული პრობლემების შემდეგ, საბჭომ შესაძლებლად მიიჩნია განეხილა ჰონორარების განაწილების ის ფორმები, რომლის შესაძლებლობლობებსაც აწესებს კანონი. თუმცა, იქედან გამომდინარე, რომ მრჩეველთა საბჭომ ამ ეტაპზეც ვერ შეძლო მაუწყებლის დირექტორის არჩევა, მე კვლავ უდროოდ მივიჩნიე ამ საკითხისათვის დამეჭირა მხარი. ჩემთვის ცნობილი იყო ასევე, საბჭოს კიდევ ერთი წევრის, გიორგი ირემაძის პოზიცია, რომელიც სრულიად იზიარებდა ამ მიდგომას. და რადგანაც ის არ ესწრებოდა ბოლო სხდომას, შესაბამისად არც მას დაუჭერია მხარი ამ გადაწყვეტილებისათვის.
თუმცა კოლეგიალური ორგანო გადაწყვეტილებებს ღებულობს უმრავლესობით. შესაბამისად საბჭოს თავმჯდომარე ვალდებულია დაემორჩილოს და ხელი მოაწეროს მიღებულ აქტს" - წერს სოციალურ ქსელში მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე.   

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი