თურქული თვითმფრინავის ბორტზე იმყოფებოდა 20 ადამიანი, ნაპოვნია 18 დაღუპული, ორის სამძებრო სამუშაოები გრძელდება - გეკა გელაძე

12 ნოემბერი 2025, 13:17 135 ნახვა

თურქული თვითმფრინავის ბორტზე იმყოფებოდა 20 ადამიანი. მათგან ნაპოვნია 18 დაღუპული, ორი ადამიანის სამძებრო სამუშაოები გრძელდება, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გეკა გელაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

გეკა გელაძის თქმით, მუდმივ კოორდინაციაში იმყოფება თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრთან

„პირველ რიგში, მინდა, მწუხარება გამოვთქვა და მივუსამძიმრო დაღუპულთა ოჯახებს, თურქ ხალხს. მოგეხსენებათ, გუშინ დაახლოებით 14:00 საათზე აზერბაიჯანის ტერიტორიიდან აფრინდა თურქეთის სამხედრო თვითმფრინავი, რომელმაც საქართველოს საზღვარი გადმოკვეთა და დაახლოებით 5 კმ-ში განიცადა კატასტროფა. ბორტზე იმყოფებოდა 20 ადამიანი, ეკიპაჟის წევრი. სამწუხაროდ, 18 მათგანი ნაპოვნია და დაღუპულია, ორი ადამიანის სამძებრო სამუშაოები გრძელდება. მუდმივ კავშირში და კოორდინაციაში ვიმყოფები თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრთან. შევქმენით საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფი, სადაც ჩართული არიან ჩვენი თურქი კოლეგები, რომლებიც მთელი ღამის განმავლობაში იმყოფებოდნენ შემთხვევის ადგილას და იღებდნენ მონაწილეობას საგამოძიებო მოქმედებებში. მოგეხსენებათ, ეს არის სამხედრო თვითმფრინავი და დეტალებზე თურქეთის მხარესთან ერთად, შეთანხმებით ეტაპობრივად მოგაწვდით ინფორმაციას“, – განაცხადა გეკა გელაძემ.

მისივე თქმით, ადგილზე შსს-ს სხვადასხვა დანაყოფებთან ერთად, თავდაცვის ძალები იმყოფებიან.

„გამოძიება მიმდინარეობს და გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე, დეტალებზე საუბრისგან თავს შევიკავებ. თავდაცვის ძალების წარმომადგენლები ადგილზე იმყოფებიან იქიდან გამომდინარე, რომ ვარდნის შედეგად თვითმფრინავის ძალიან ბევრი დეტალი არის გაფანტული და ამაში ადამიანური რესურსის მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია. შსს-ს სხვადასხვა დანაყოფებთან ერთად, თავდაცვის ძალები იღებენ მონაწილეობას“, – განაცხადა გეკა გელაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

 კონკურსი მაუწყბელის დირექტორის პოზიციაზე