შაბათი 20, აპრილი 2019

მალხაზ მაჩალიკაშვილი საგამოძიებო კომისიის დროულად შექმნას ითხოვს

16, აპრილი 2019 11:20:00

პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს გარდაცვლილი, თემირლან მაჩალიკაშვილის მამა პარლამენტს მოუწოდებს, დროებითი საგამოძიებო კომისია შექმნას.

მალხაზ მაჩალიკაშვილი დღეს საკანონმდებლო ორგანოში მივიდა. ამბობს, რომ კომისიის შექმნის თემა, 67-ე საკითხადაა ჩანიშნული. მაჩალიკაშვილი კი გადმოტანას ითხოვს. 

​''ვიცი, რომ ბიუროს რიგითი სხდომა ტარდება. მოვითხოვ საკითხი წინ გადმოიტანონ და დროულად   შექმნან  საპარლამენტო საგამოძიებო კომისია. შექმნიან, ჩვენ ვაიძულებთ ყველანი ერთად, რომ შექმნან. საქართველოს მოსახლეობამ უნდა გაიგოს რაშია საქმე. უნდა გაიგოს, რატომ ვარ მე უკვე ცხრა თვეა ამ სისასტიკის ქვეშ'' - ამბობს გარდაცვლილის მამა. 

მალხაზ მაჩალიკაშვილი ამბობს, რომ გამოსაძიებელი არაფერია და მისი შვილი უდანაშაულო იყო, ამიტომ ბრძოლას ყველა მიმართულებით გააგრძელებს. 

''დარწმუნებული ვარ, საქმეს არ გახსნიან. ​არ არის მტკიცებულებები, არც ყოფილა. ეს ყველაფერი მოხდა თბილისში, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის გადასაფარად. შეცდომა დაუშვეს, ან ბინა შეეშალათ, ან არ ვიცი, ეს არის საუკუნის საქმე, რომელიც უნდა გაიხსნას. უნდა თქვან რისთვის და რატომ მოვიდნენ ჩვენ სახლში. თუ გაიხსნა ესენი უნდა ადგნენ და უნდა წავიდნენ'' - განაცხადა მაჩალიკაშილმა.

თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახმა, დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა, სპეცოპერაციიდან 1 წლის შემდეგ, 2018 წლის 26 დეკემბერს მოითხოვა. 

26 დეკემბერს, პანკისში, ახმედ ჩატაევთან და მის თანამზრახველებთან კავშირის ბრალდებით რუსლან ალდამოვთან ერთად ოთხი პირი დააკავეს. 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, თემირლან მაჩალიკაშვილმა დაკავებისას წინააღმდეგობის გაწევა და ხელყუმბარის გამოყენება სცადა, რის გამოც სპეცრაზმელებმა მას ესროლეს. მაჩალიკაშვილმა სასიკვდილო დაზიანება თავის არეში მიიღო. ორი კვირის განმავლობაში ის კომატოზურ მდგომარეობაში იყო, 10 იანვარს კი გარდაიცვალა.


დღის ამბები