შაბათი 20, აპრილი 2019

''დეპუტატებთან შეხვედრა გაიმართება, ვნახოთ რა შედეგს მივაღწევთ'' - ელექტრომობილების მფლობელების პროტესტი 

15, აპრილი 2019 16:43:00

ელექტრომობილებისა და კვადროციკლების მეპატრონეებმა საპროტესტო აქციები განაახლეს. ბათუმში, ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე დღეს ისევ შეიკრიბნენ. ისინი კვლავ ახალი რეგულაციების შეცვლას და მიმდინარე სეზონზე მუშაობის უფლებას ითხოვენ, რომელიც ბულვარის ადმინისტრაციის მოთხოვნითა და საკრებულოს გადაწყვეტილებით პირველი მაისიდან აეკრძალათ. 

საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლები დღეს, უმაღლესი საბჭოს დეპუტატს ილია ვერძაძეს შეხვდნენ. შეხვედრა დახურულ კარს მიღმა დაახლოებით 2 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. 

ელექტრომობილების მფლობელებს დღეს ქალაქში სიმბოლური მსვლელობაც ჰქონდათ დაგეგმილი, თუმცა მოგვიანებით გადაიფიქრეს. 

შეხვედრის დასრულების შემდეგ, აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს ჯემალ სურმანიძემ უთხრა, რომ ოთხშაბათს საკრებულოში შეხვედრა ჩაინიშნა. 

''შეხვედრაზე იქნებიან დეპუტატები, გაიმართება დებატები და ვნახოთ რა შედეგს მივაღწევთ'' - ამბობს ელექტრომობილების მფლობელი, რომელიც ბულვარში უკვე წლებია ტრანსპორტს აქირავებს. 

მისივე განმარტებით, დათმობაზე წავლენ ისინიც და ახალი წესებით იმუშავებენ. უფრო კონკრეტულად კი ​მოპედების რაოდენობას შეამცირებენ. სიჩქარეს მინიმუმამდე დაიყვანენ. ელექტრომობილებს კი არასრულწლოვნებს აღარ მიაქირავებენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი ბათუმის საკრებულოს დაუკავშირდა, უწყებაში გვითხრეს, რომ 17 აპრილს ელექტრომობილების მფლობელებს, სავარაუდოდ, უმრავლესობის წევრები შეხვდებიან.


დღის ამბები