შაბათი 20, აპრილი 2019

სოცმუშაკებმა ვარდების სკვერში კარავი გაშალეს

26, მარტი 2019 12:02:00

ბათუმში პროტესტის მეორე დღეს,  ვარდების სკვერში სოციალურმა მუშაკებმა კარავი გაშალეს. ისინი საკუთარი მოვალეობის შესრულებაზე ისევ უარს ამბობენ.

''დაუცველი დამცველები'', ''ერთად გადავდგათ პირველი ნაბიჯი'', ''ზრუნვა ცარიელი ხელები'', ''დაიწყო ბრძოლა სისტემური ცვლილებებისთვის'' - ამ შინაარსის ბანერები სოციალურმა მუშაკებმა კარვის წინ გამოფინეს. 

ისინი სოციალური პოლიტიკისა და ხელფასების გადახედვას, ასევე შრომითი პირობების გაუმჯობესებას, კრიზისული და ბავშვთა დღის ცენტრების გახსნას ითხოვენ. სოციალურ მუშაკებს საქართველოს პრემიერ მინისტრთან მამუკა ბახტაძესთან შეხვედრაც სურთ. 

''გავიგეთ, რომ ჩვენი დამსაქმებლისგან  გახმოვანებულა თითქოს მომზადებულია ავტომანქანები და ჩვენ ეს არ ვიცით. კიდევ ერთი მტკნარი სიცრუე. ასევე თითქოს ჩამოგვშორდა რაღაც საქმეები, რომელის არის საპროცესო. აღნიშნულზე ბრძანებაა აუცილებელი, ეს კი პროგრამულად აისახება, რაც არ არის'' -  უთხრა აჭარის მაუწყებელს თამარ ღუნაშვილმა.

აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ამბობს, რომ პრობლემები და მოთხოვნები მხოლოდ აჭარას არ ეხება და აქედან გამომდინარე საკითხი ცენტრალურ დონეზეა გადასაწყვეტი. სამოქმედო გეგმა უკვე შემუშავებულია.

''მოთხოვნები ახლა არ წარმოქმნილა. გარკვეული პერიოდის წინ იყო ამაზე საუბარი. განმარტებაც გაკეთდა და დაიგო გეგმა, როგორც სახელფასო განაკვეთის ზრდის, ასევე სპეციალისტების შევსების საკითხზეც.  იმედია პროცესი ლოგიკურ გადაწყვეტილებამდე მივა - ამბობს ზაალ მიქელაძე. 

საპროტესტო ტალღა გუშინ დაიწყო. გაფიცულების თქმით, ვიდრე მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება აქციები გაგრძელდება. ამბობენ, რომ შესაბამისი ორგანოებისგან თანადგომის მზაობა ვერ დაინახეს. 

 


დღის ამბები