კვირა 24, მარტი 2019

ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტოს საქმიანობით ფინანსური პოლიცია დაინტერესდა

15, მარტი 2019 15:31:00

ფინანსური პოლიცია ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტოს ყოფილი დირექტორის საქმიანობით დაინტერესდა. ალექსანდრე თევზაძე გუშინ საგამოძიებო უწყებაში იმყოფებოდა და გამომძიებლების კითხვებს პასუხობდა. კითხვები ინვენტარიზაციას ეხებოდა, საუბარია იმ პერიოდზე, როდესაც თევზაძე მერიის ერთ-ერთი აიპის ხელმძღვანელის პოზიციაზე მუშაობდა. 

ბათუმის მერი ამბობს, რომ ინვენტარიზაციის შემდეგ, დაახლოებით 28 000 ლარის ღირებულების საქონელი დანაკლისში აღმოჩნდა. დოკუმენტაცია კი რეაგირებისთვის შესაბამის სამსახურებს გადაუგზავნა. 

ალექსანდრე თევზაძე ფიქრობს, რომ პროცესები კარბამიდის ტერმინალის მშენებლობის საკითხზე, მის აქტიურობას უკავშირდება, ბათუმის მერს კი სურს აქტივისტი გააჩეროს. მისი თქმით, ადგილი აქვს პირად შურისძიებას, მიზანმიმართულ დისკრედიტაციას და შავ პიარს. 

თევზაძე აცხადებს, რომ ქალაქის მერის ეს მცდელობა კრახით დასრულდება, რადგან წლების განმავლობაში, ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის პოზიციაზე მუშაობის დროს  დარღვევას ადგილი არ ქონია. 

''პირდაპირ მერს ვეუბნები, რომ ამ მეთოდებით ბრძოლა ადამიანებთან, მეგობრებთან კლასელებთან, ეს არის უსინდისობა არაკაცობა, მაგრამ იმასთან შედარებით, რომ ხელი მოაწერა ქიმიური ტერმინალის მშენებლობაზე რათქმაუნდა არაფერი არ არის ჩემი წვალება. პასუხი მოეთხოვება ყველას, როგორც მორალური ისე არასახელმწიფოებრივი გადაწყვეტილებებისთვის'' - უთხრა მაუწყებელს თევზაძემ.

მისივე განმარტებით ინვენტარიზაციის დროს დანაკლისში მითითებული ნივთების ნაწილი აიპის კუთვნილებაში არსებულ ობიექტებშია ნაპოვნი, მათ შორის ზოოპარკშიც. 

ბრალდების ადრესატი, ლაშა კომახიძე ამბობს, რომ პროცესები ტურისტული მართვის სააგენტოს ლიკვიდაციის შემდეგ დაიწყო და ის ალექსანდრე თევზაძის საზოგადოებრივ აქტიურობას არ უკავშირდება.

''ალეკოს მოვუწოდებ ცოტა უფრო შეგნებით და ცოტა უფრო ნამუსიანად გააკეთოს განცხადებები. იმიტომ, რომ არის გარკვეული ხაზები პიროვნული და ადამიანური, რომლის გადაკვეთის უფლება არ აქვს. ინვენტარიზაციის შედეგად დანაკლისში აღმოჩნდა, თუ არ ვცდები  28 000 ლარზე ოდნავ მეტი ღირებულების საქონელი. ალეკო თევზაძეს, როგოც მოქმედ ლიკვიდატორს, ამას ხაზი მინდა გავუსვა, გადავუგზავნეთ ოფიციალური წერილი და ვთხოვეთ ამ საკითხის ირგვლივ განმარტება. ეს იყო წლის დასაწყისში. პროცესები კი უფრო ადრე იღებს სათავეს. საერთოდ არანაირი გამოხმაურება, არც წერილობითი და არც გასაუბრების სახით, ალეკოსაგან არ ყოფილა. როგორც ნებისმიერი საჯარო ორგანიზაცია ვალდებულია დანაკლისის აღმოჩენის შემთხვევაში, მოძიების მიზნით სამართალდამცავ ორგანოებს მიმართოს. შესაბამისად ცნობა შინაგან საქმეთა სამინისტროში გადავაგზავნეთ. ეს არის სამართალდამცავ ორგანოზე დანაკლისის აღმოჩენისათვის მიმართვა და არა ვინმეს დადანაშაულება. ალეკო ამას ტყუილად უკავშირებს მის აქტივობას, კარბამიდის ტერმინალის მშენებლობას, ეს პროცესი ჯერ კიდევ შარშან აგვისტოს თვიდან არის დაწყებული, მე ვგულისხმობ გადაცემას ინვენტარიზაციას, სხვა ამ პროცესებს'' - უთხრა აჭარის მაუწყებელს მერმა. 

საკითხზე ფინანსურ მოკვლევა დაწყებულია, თუმცა საქმე გამოძიების ფორმატში არ გადასულა. 


დღის ამბები