ორშაბათი 22, აპრილი 2019

''ალიანს გრუპის'' მფლობელებმა ძველ ბათუმში 5 სართულიანი სასტუმროს ნებართვა მოიპოვეს

12, თებერვალი 2019 18:32:00

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელმა ზაურ ახვლედიანმა და მისმა მოადგილემ ოლეგ ბოლქვაძემ, ძველ ბათუმში - მაზნიაშვილის #17-სა ჟორდანიას #27-ში არსებული ისტორიული სახლების დანგრევაზე თანხმობა გასცეს. ორსართულიანი სახლების ნაცვლად კი, ისტორიულ ქალაქში 5 სართულიანი სასტუმრო აშენდება. კანონმდებლობით, სწორედ ეს უწყებაა პასუხისმგებელი რეგიონში კულტურული მემკვიდრეობის დაცვაზე. 

გადაწყვეტილება ე.წ. "ზონალურ საბჭოზე" 8 თებერვალს მიიღეს, რომლის წევრების უმრავლესობა ჩინოვნიკია. ამ გადაწყვეტილებას ეთანხმება ე.წ. ზონალური საბჭოს კიდევ ერთი წევრი ნუგზარ ძნელაძე, რომელიც აჭარის ეკონომიკის სამინისტროს სივრცითი მოწყობისა და ტექნიკური ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსია. 

საბჭოს კიდევ ერთი წევრი, ბათუმის მთავარი არქიტექტორი მირიან მეტრეველია. ოქმში წერია, რომ ის პროექტს "ითანხმებს". 

უნივერსიტეტის ინჟინერიის და მშენებლობის დეპარტამენტის დეკანი გაიოზ ფარცხალაძე ერთადერთი იყო, რომელმაც ისტორიული ქალაქში შემოთავაზებული სასტუმროს პროექტის არქიტექტურა დაიწუნა და უარი უთხრა კომპანიას.

ძველ ბათუმში, ჟორდანიას #27 და მაზნიაშვილის #17 ერთ საკადასტრო რუკაზეა მოცემული. 450 კვადრატულ მეტრ ფართობზე ორი ორსართულიანი სახლი შპს "პროგრესს სიტის" მფლობელობაშია. 

"პროგრესს სიტის" 70%-იანი წილის მფლობელი შპს "ალიანს გრუპის" დამფუძნებლის გია ბიწაძის შვილი, თემურ ბიწაძეა

"პროგრესს სიტის" 30%-იანი წილი ზურაბ ინაიშვილს ეკუთვნის. საჯარო რეესტრის მონაცემებით მაზნიაშვილის #17 ნომერში საცხოვრებელი სახლიც სწორედ ინაიშვილის იყო, რომელმაც კომპანია "პროგრესს სიტი" ბინის "გასხვისების" პარალელურად დაარეგისტრირა. (საჯარო რეესტირის მონაცემებით, ბინა არ გაყიდულა, არამედ "პროგრესს სიტის" გირაოს სახით გადაეცა). 

გია ბიწაძე (თემურ ბიწაძის მამა) "ალიანს გრუპის" დამფუძნებელია, რომელსაც მსხვილი პროექტები აქვს ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის ბათუმშიც. კომპანიამ "მერიოტის" ჰოტელ-აპარტამენტები იუსტიციის სახლთან ახლახანს დაასრულა. ახლა კი ბათუმის სანაპიროზე 54 სართულიან ცათამბჯენს აშენებს.

აღსანიშნავია, რომ ცათამბჯენის მშენებლობა ისე დაიწყო "ალიანს გრუპმა", რომ კორპუსის მშენებლობაზე მერიის ნებართვა არ ჰქონდა. ოპოზიციური პარტიების მწვავე განცხადებების შემდეგ, ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ თქვა, რომ ალიანს ჯგუფი "პარკინგს აწყობს" ტერიტორიაზე და მასზე ნებართვა გაცემულია. მოგვიანებით პარკინგის ადგილზე  სასტუმროს მშენებლობის ნებართვა გაიცა. 

კიდევ ერთი პროექტი, რომელსაც  "ალიანს გრუპს" უკავშირდება ბათუმში მალე დაიწყება. მისი შვილობილი კომპანია - "ალიანს სიტი" ე.წ. ლუჟკოვის სახლის დემონტაჟს ითხოვს.  წინასწარი ინფორმაციით, ლუჟკოვის სახლი უნდა დაინგრეს, მის ნაცვლად კი მაღალსართულიანი სასტუმრო კომპლექსი ჩაიდგას. 

2017 წელს, ამ პროექტის განხორციელებას საზოგადოება "ბათომის" პროტესტი მოჰყვა, რადგან ქალაქის ისტორიული იერსახე მახინჯდებოდა. მაშინ მშენებლობაზე წარმოება მერიამ არ დაიწყო და კომპანიამ სასამართლოში იჩივლა. 

 


დღის ამბები