ხუთშაბათი 25, აპრილი 2019

არასრულწლოვანთა მიმართ სექსუალური ძალადობისთვის სასჯელი მკაცრდება

12, თებერვალი 2019 17:46:00

შინაგან საქმეთა სამინისტრო სექსუალური ძალადობის ჩამდენ პირთა მიმართ სასჯელს ამკაცრებს. საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი უკვე მზად არის და მას მთავრობის სხდომაზე განიხილავენ. 

ცვლილებების მიღების შემთხვევაში მოძალადეებს, სასწავლო და საგანმანათლებლო დაწესებულებებში მუშაობის უფლება ჩამოერთმევათ.

შინაგან საქმეთა სამინისტროში სექსუალური ძალადობისთვის მსჯავრდებულ პირთა ბაზის შექმნაც იგეგმება. ''დანაშაულის ეფექტიანი პრევენციის მიზნით, კანონპროექტი სხვადასხვა სახელმწიფო უწყებას, მათი კომპეტენციის ფარგლებში, სექსუალური ძალადობის ჩამდენ პირთა მონიტორინგის ვალდებულებას აკისრებს'' - წერია განცხადებაში. 

უწყების ინფორმაციით, 116 პირია ბრალდებული არასრულწლოვნებთან სქესობრივი დანაშაულისთვის მხოლოდ 2018 წელს. ყველაზე მეტი 86 საქმე, 16 წლის ასაკს მიუღწეველ პირთან ნებაყოფლობით სექსუალურ კავშირს უკავშირდება. 

განცხადებაში აღნიშნულია, რომ არასრულწლოვანთა და მათი მშობლების მხრიდან მომართვიანობა გაიზარდა. 

''მივმართავთ საზოგადოებას, არასრულწლოვან მსხვერპლებს, მათ მშობლებს და ყველა იმ პირს, რომლთათვისაც ცნობილი გახდება არასრულწლოვანთა მიმართ განხორციელებული ძალადობის შესახებ, დაუყოვნებლივ აცნობონ პოლიციას, რათა მოხდეს დანაშაულზე დროული რეაგირება და თავიდან იქნეს აცილებული მოძალადეთა მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე. შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის მიუღებელია არასრულწლოვანთა მიმართ როგორც ძალადობრივი, ასევე, ნებისმიერი სხვა სახის დანაშაულის ჩადენა'' - წერია განცხადებაში. 


დღის ამბები