ორშაბათი 22, აპრილი 2019

600 000-ზე მეტმა მოქალაქემ მიწა დაიკანონა - პრემიერ მინისტრი

12, თებერვალი 2019 11:41:00

2016 წლის პირველი აგვისტოდან დღემდე, 600 000-ზე მეტმა მოქალაქემ მიწა გამარტივებული პროცედურებით დაირეგისტრირა. რეფორმის შუალედური შედეგების პრეზენტაციაზე საქართველოს პრემიერ მინისტრმა თქვა, რომ მოქალაქეებისთვის ბარიერები მოხსნილია, პროცედურები კი გამარტივებული. 

მამუკა ბახტაძის განცხადებით, რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების ფართობი 300 000 ჰექტარზე მეტს შეადგენს.

''წლების განმავლობაში მიწის რეგისტრაცია იყო ერთ-ერთი ყველაზე რთული პრობლემა ჩვენი მოქალაქეებისთვის. რეფორმის შედეგად მნიშვნელოვნად გამარტივდა მიწის რეგისტრაციის პროცედურები და მოქალაქეებისთვის ეს სერვისი გახდა მაქსიმალურად ხელმისაწვდომი. ჩვენ დავიწყეთ რეფორმის ეს ეტაპი 2016 წლის 1 აგვისტოდან, დღემდე კი 600 000-ზე მეტმა მოქალაქემ დაიკანონა მიწა და ისარგებლა ამ რეფორმით. გამარტივებულია პროცედურები და მოხსნილია ბარიერები, რომელიც ძალიან ხშირად მიწის მესაკუთრეს ექმნებოდა. რეფორმის მიზანი, გარდა იმისა, რომ ქვეყანაში არ დარჩეს აღურიცხავი მიწები,  მესაკუთრის უფლებების დაცვაც არის. ეს გახლავთ მთავარი იდეა, რომელიც ახალ სტანდარტებს აყენებს'' - თქვა პრემიერმა სიტყვით გამოსვლისას. 

მიწის რეგისტრაციის რეფორმა 2016 წლის პირველ აგვისტოს დაიწყო და 2019 წლის პირველ ივლისამდე გაგრძელდება.

რეფორმის ფარგლებში მოქალქეებისთვის უფასოდ შემდეგი სერვისებია ხელმისაწვდომი: საჯარო რეესტრის მიერ მოქალაქის ინტერესში დოკუმენტაციის მოძიება და სისტემატიზაცია, ნოტარიუსის მიერ გარიგებაზე მხარეთა ხელმოწერის დამოწმება, სანოტარო მედიაცია, მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება, ფაქტების კონსტატაცია, მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაცია, საკადასტრო აზომვითი ნახაზის გარეშე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების დაზუსტება. 

1593

დღის ამბები