ხუთშაბათი 25, აპრილი 2019

გახშირებული ავარიების გამო, მოქალაქეები შუქნიშნის დამონტაჟებას ითხოვენ

22, იანვარი 2019 18:50:00

ბათუმში, ვაჟა-ფშაველასა და პუშკინის ქუჩების კვეთაში მოქალაქეები შუქნიშნის დამონტაჟებას ითხოვენ. ამბობენ, რომ აღნიშნულ მონაკვეთზე ავტოსაგზაო შემთხვევები გახშირდა. 

ერთ-ერთმა მოქალაქემ მაუწყებელს ვიდეომასალა მიაწოდა, რომელიც სათვალთვალო კამერითაა გადაღებული. ნიკოლოზ გაბელაიას კამერები სახლში უსაფრთხოების მიზნით აქვს დამონტაჟებული. კადრები კი ბოლო ორი კვირის განმავლობაშია გადაღებული.

ის ამბობს, რომ საავტომობილო გზაზე ასფალტის საფარის დაგების შემდეგ, მძღოლები უფრო სწრაფად მოძრაობენ და ავარიებიც აქ, თითქმის ყოველ კვირას ხდება. 

ვაჟა-ფშაველას 71 ნომერთან, რამდენიმე თვის წინ, ''მწოლიარე პატრულიც'' დაამონტაჟეს, თუმცა მოსახლეობა ფიქრობს, რომ ეს პრობლემის მოსაგვარებლად საკმარისი არ არის. 

 

     ''ოფიციალურად წერილობით ბათუმის მერიისთვის ჯერ არ მიგვიმართავს. არასამთავრობო ორგანიზაციის დახმარებით განცხადებას ვწერთ და მერიაში ხუთშაბათს შევიტანთ. ვებგვერდზეც მივწერეთ რამდენჯერმე, მაგრამ პასუხი არ მიგვიღია. მერიის ცხელ ხაზზეც დავრეკეთ და წერილობით მიმართვას გვთხოვენ. იქედან გამომდინარე, რომ ქალაქის მაცხოვრებლებს მუდმივად ექმნებათ საფრთხე, მერიამ შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკას უნდა გადახედოს და საკითხით დაინტერესდეს. საზოგადოების მითითებაც კი არ არის ასეთ დროს საჭირო'' - ამბობს ნიკოლოზ გაბელაია.

იგეგმება თუ არა ვაჟა-ფშაველასა და პუშკინის ქუჩების კვეთაში შუქნიშნის დამონტაჟება, საკითხის დასაზუსტებლად აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი ბათუმის მერიას დაუკავშირდა. 

3257

დღის ამბები