კვირა 17, თებერვალი 2019

მოქალაქეები აქციაზე აირწინაღებითა და სამედიცინო პირბადეებით მივიდნენ

20, იანვარი 2019 15:30:00

მოქალაქეები, პორტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქციაზე აირწინაღებითა და სამედიცინო პირბადეებით მივიდნენ, ისინი ბათუმში ქიმიური ტერმინალის მშენებლობას ამ ფორმით აპროტესტებენ. 

 

აქციის ორგანიზატორები ამბობენ, რომ ქალაქს ქიმიური ტერმინალის მშენებლობა ეკოლოგიურ საფრთხეს შეუქმნის. 

''ჩვენ გავიზარდეთ, პატარები აღარ ვართ, აღარ მოვტყუვდებით, ბევრნი ვართ. კარბამიდის სახელით ქიმიურ ტერმინალს ვერ შემოგვაპარებენ''.

''არცერთ ხელმძღავანელს ასეთი საშიშროების წინაშე ქალაქის არ დაუყენებია, მე ამ ბრძოლას გავაგრძელებ ბოლომდე. ჩვენ ვიქნებით ერთად გამარჯვებამდე - უთხრა აქციის მონაწილეებს ალექსანდრე თევზაძე. 

''კარბამიდის ჭამა არ შეიძლება, 2006 წლიდან მისი საკვებში გამოყენება ევროკავშირის ქვეყნებში აიკრძალა'' - განაცხადა აქციაზე ​ექსპერტმა გოჩა გოგუაძემ.

გუშინ, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში, უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა ლადო მგალობლიშვილმა თქვა, რომ კარბამიდი საშიში არაა და ის შეჭამა. 

დეპუტატმა ტერმინალის მშენებლობის მოწინააღმდეგეებს მატყუარები უწოდა და გააკრიტიკა.

კომპანია ''Wondernet Exspress Investment Group-ის წარმომადგენლები, ამბობენ, რომ ტერმინალი უსაფრთხო იქნება და გარემოს ზიანს არ მიაყენებს. კარბამიდის ტერმინალის მშენებლობის პროექტზე აჟიოტაჟი ხელოვნურად შექმნილი და პოლიტიზირებულია.

ბათუმში ქიმიური ტერმინალის მშენებლობის შესახებ ინფორმაცია, დაახლოებით ორი თვის წინ გავრცელდა. მოგვიანებით ფაქტი აჭარის მთავრობაშიც დაადასტურეს. 

კარბამიდის ტერმინალის მშენებლობასთან დაკავშირებით ხელშეკრულება, მხარეებმა 14 იანვარს, ბათუმში გააფორმეს.

ბათუმის მერიას მშენებლობის ნებართვა ამ ეტაპზე არ გაუცია. ისინი გარემოს დაცვის სამინისტროსგან დასკვნას ელოდებიან.

ბათუმის პორტთან სამართალდამცველებიც იმყოფებოდნენ.

ფოტო: თიკო სუსარეიშვილი, თამუნა ხორევანიძე,  გიგა გელხვიძე


დღის ამბები